საქართველოს
უშენოდ, ჩემო, უდაბნოა მთელი სამყარო,
შენი სახელით თუნდ გრემიდან გადავფრინდები...
ამიტაცებენ უსასრულო და უსამანო, -
მზესუმზირებით მოქარგული სველი მინდვრები.
უშენოდ, ჩემო, უდაბნოა მთელი სამზეო,
შენა ხარ ჩემი საუნჯე და საჩრდილობელი.
ყოვლად სრულქმნილო, სრულყოფილო, სულის საგზალო, -
შენ ხარ, მამულო, ჩემი ხატი, - ყოვლისმპყრობელი.
და შენ ჩემში ხარ, სახიერო, - საბედნიეროდ, -
შენი ტაძრებით, მონასტრებით, - ლილისფერებით...
შენა ხარ ჩემი სიყვარული, - საბედისწერო, -
მოლაღურივით ჩუმად ვტირი და გეფერები.