მღვდლიაშვილი თინათინ
გაზიარება

მონატრება 

თბილისს ვარდისფერი სახე გაუფრინდა,
ყელზე დაეკიდა მთვარე...
როგორ მენანება, როგორ მენატრება,
ნაღდი თბილისური ღამე.

სანთლის სიჩუმეში მკრთალი ფოთოლცვენა,
ბაღში - მოწყენილი გედი,
ტაძრის სინაზეში ჩიტის გადაფრენა,
თმები - მოქნეული ფრთები.

მტკვარი მოჩითული ჭადრის ფარდაგებით,
ცხელი სიყვარულის როკვა,
მერე ცრემლები და მერე სინანული,
სიონს გალობა და ლოცვა.

მერე მთაწმინდაზე დიდი ღამისთევა,
ვაჟას პოეზიის ცეცხლი.
ცისფერ ბილიკებზე ლურჯი გარინდება,
გალას სისხლიანი ლექსი.

მერე სიგიჟე და თეთრი მწუხარება,
გული - გაგლეჯილი მთვარე.
ღმერთო, მენატრება, როგორ მენატრება
ნაღდი თბილისური ღამე.

??????