ქარდავა ფრიდონ (ქარდა ქარდუხი)
გაზიარება

ჩემი ახლობელი 

არასოდეს შემიხედავს სერიოზულად ჩემი ახლობლისთვის, რატომღაც ყოველთვის ცრუპენტელა  მეგონა, რაღაც არადამაჯერებელი ლაპარაკი იცოდა, ქცევას თავი რომ დავანებოთ. თითქოსდა ამპარტავანი იყო, მეტიჩარა და ქარაფშუტა. მეგონა რომ რამე ნაღდი საქმე მისი ხელიდან არ გამოვიდოდა. ასეთი წარმოდგენა მქონდა მასზე: ყველაფერში ზერელეა და სიღრმის წვდომის უნარი არ გააჩნიამეთქი. ამიტომაც მასთან შეხვედრისას მეღიმებოდა, რადგან წინასწარ ვიცოდი, ათასგვარ ტყუილს მოჩმახავდა, ყველაფერს გადასწვდებოდა, ყოველშემთხვევაში ასეთი წარმოდგენა ჩამომიყალიბდა და კაცმა რომ თქვას არც თუ უსაფუძვლოდ; აბა რომელი ჭკუათმყოფელი დაიჯერებდა თუნდაც ასეთ რაღაცას: მოვიდა და ბიჭებში დაიწყო მტკიცებააღმოსავლური ორთაბრძოლების ილეთებს ვფლობო და ზვიადის დაცვაში ვირიცხებიო. ჯერ კიდევ 91 წელი იყო, ისე დამაჯერებლად ამბობდა, გულში ყველას შეგვეეჭვა, მაგრამ შეპასუხება არავის გვიფიქრია, ერთი თვის შემდეგ კი სადღაც წამოცდა–  მხედრიონელები მყავს მეგობრები და  მგონი  გავწევრიანდები მეცო. ჰოდა ამის შემდეგ ბიჭი იყავი და გერწმუნა მისი ნატრაბახევი. არადა ხანდახან ეჭვი მეპარებოდა ჩემი  წარმოდგენის სისწორეში: ვფიქრობდი, შეიძლება არაა ასე ზერელემეთქი. ეს მაფიქრებინა მისმა სიტყვებმა, ზღვის სანაპიროზე რომ მივდიოდით ერთ საღამოს, მაშინ თქვა,– რაღაცას ვფილოსოფოსობდით ჩვენთვის, როგორც პირველკურსელებს ჩვევიათ,– ციტატა ბარათაშვილიდანმაგრამ ვერ ცნობენ გლახმოკვდავნი განგებას ციურსდა რამდენიმე კომენტარი თუ აზრიც მოაყოლა. მაშინ ბარათაშვილის პოეზია წაკითხული ნაღდად მქონდა  კრიტიკას რომ თავი დავანებოთ და რატომღაც ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ამიტომაც ვიფიქრე ალღოიანი ყოფილა და არც თუ ისე ზერელემეთქი, მაგრამ იმაში რომ იმაზე უფრო დაკვირვებული იყო ვიდრე მეგონა, ზემო სამეგრელოს წყლის კულტზე და მასთან დაკავშირებულ ტოპონიმიკის გაგებაზე, მისმა მსჯელობამ  დამარწმუნა.  მე მაშინ გაოცებული დავრჩი, ბევრ, ჩემთვის აქამდე უცნობ ფაქტზე ძალზე დამაჯერებელი ლოგიკით მეტყველებდა. თუმცა რაღაცნაირად ყბედი მაინც იყო,  რაც ცოტა არ იყოს დისტანციას დაგაჭერინებდა მასთან. მახსოვ ომის დროს, როცა დროებითი ზავი ჩამოვარდა მეტეორივით, ქართული პოლიტიკის შორსმჭვრეტელობით სოხუმის ფილიალმა სწავლება დაიწყო.  ჩვენგან განსხვავებით ჩემი ახლობელი სამხედრო ფორმაში გამოკვართული მოვიდა და სტუდენტებთან მოსულ კორესპოდენტს ტვინი გამოულაყა იმდენი ესაუბრა: უსაშველოდ ოპტიმისტურად იყო განწყობილი და გუმისთაფსოუს მონაკვეთს ვინ ამბობს, მთელ ლაზარევსკოესოჩის,– ჩრდილოეთით,–  და ტრაპინზონამდე ტერიტორიის,–სამხრეთით,–  უახლოეს ხანში დაბრუნებას გვაიმედებდა. ახლა რომ ვფიქრობ, ეტყობა ტიპი იყო ასეთი, ოცნება რეალობად რომ ეჩვენებოდა. მახსოვს, პირველკურსელებმა გადავწყვიტეთ რაღაც საზოგადოების შექმნა, ჩემი ახლობელი, რა თქმა უნდა, მოვლენების ცენტრში იყო, ზღვის პირას შევიკრიბეთ, კაფეში,–  მაშინ მთელი სოხუმის ახალგაზრდობა ზღვისპირა კაფეებს იყო მოდებული,–  და ისის იყო  ვთანხმდებოდით საზოგადოების ფორმასა და შინაარსზე რომ ჩემმა ახლობელმა ლექსების კითხვა დაიწყო; დაუღალავად კითხულობდა, ექსტაზით, თუმცა უმრავლესობას არ გვესმოდა მისი შედევრების მომხიბვლელობა. ისე, ახლა რომ ვუკვირდები, იქნებ კარგიც  ქნა, თორემ რომელი საზოგადოების ჩამომყალიბლებლები ჩვენ ვიყავით? 

      განსაკუთრებულ უნდობლობას  ჩემი ახლობლის მიმართ ის იწვევდა რომ წარამარა იცვლიდა პარტიებს:  დღეს რომჰელსინკისკავშირში იყო ხვალ, იტყოდაედპ“ –ში ვარო, სამი დღის შემდეგ კი უკვეეროვნული დამოუკიდებლობის პარტიაშიიყო. ყველაზე არადამაჯერებლად მიტინგებზე გამოიყურებოდა, თუმცა  ხალხი სულგანაბული უსმენდა: სახე დაუწითლდებოდა, თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა, როცა მისი გამოსვლა ეროვნულ გენისა და ერის სულიერ მისიის განმარტებაზე  მივიდოდა უკვე  ლავასავით ბრდღვიალებდა მისი სახე და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. ხალხი მხურვალე ტაშით აჯილდოვებდა, ჩვენ კი, მისი კურსელები, სიცილით ვიჭაჭებოდათ, განსაკუთრებით სიტყვას რომ დაამთავრებდა, ჩვენთან მოვიდოდა და რომ გვკითხავდა, „როგორი იყოო?“ . ამიტომაც ვფიქრობდი, ძალიან, ძალიან ზერელეა და თავგანწირვის უნარი არა აქვსმეთქი. 
     მოვიდოდა და სიყვარულით დამწვარი კაცის სახეს მიიღებდა, აგვიწერდა მთელს ტრაგედიას თუ რა სულით უყვარდა და ის კი რა უგულო და პატივმოყვარე გამომდგარა თითქოს, არადა გასაოცარი ის იყო რომ მართლაც გაგვაცნობდა, და მისი შეყვარებულის ნახვისას ვრწმუნდებოდით რომ ამ გოგოს მართლაც უყვარდა ჩემი ახლობელი და მზად იყო  მისი გულისათვისამრადანშიგ ზღვაში გადამხტარიყო,  არც პატივმოყვარეობის ეტყობოდა რამე. ადგებოდა და სწორედ თვითონ მიატოვებდა გულგრილად, ვინ იცის რას არ მოიგონებდა. ჩვენ ვბრაზობდით იმ გოგოზე, რას აშტერებინებს თავს ამ ბიჭსო. ასე რომ, კი იყო ტრაბახა, მაგრამ ვატყობდით  რომ შეყვარებულებს მართლაც დონ ჟუანივით იცვლიდა თან ყველას გაგვაცნობდა თითქოსდა ჩვენს დასარწმუნებლად და გასაბრაზებლად. 
       აფხაზეთის შემდეგ, შემთხვევით, თბილისში შემხვდა; რუსთაველზე მოდიოდა დინჯად, ნაცრისფერ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი, ხელში საქაღალდე ეჭირა, სათვალე ეკეთა ( ეჭვი შემეპარა, მართლაც აკლია თვალს თუ ისე, მოდისთვის უკეთიამეთქი),  ლამაზი, თხელი კაშნე ელეგანტურად გადაეგდო კისერზე და ისე მოაბიჯებდა ( საერთოდ ასეთი სიარული იცოდა), თითქოს დანაღმულ მინდორზეა და ეშინია ნაღმი არ აუფეთქდესო. პროფესორივით მომესალმა. რას შვები, რას აკეთებმეთქი? ჟურნალისტად ვმუშაობო, ტელეკომპანიაში. თავიდან ცოტათი შევეჭვდი, მაგრამ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პატარა ხმისჩამწერი რომ მაჩვენა დავრწმუნდი. რა საკითხებზე მუშაობმეთქი?  რა თქმა უნდა აფხაზეთზეო. და გადმოუშალა გუდას პირი: თითქმის ყოველ მესამე დღეს შევდივარ სოხუმშიო. კი მაგრამ, როგორმეთქი? ეს მისგანაც კი მეტისმეტი იყო. რა თქმა უნდა ფარულადო, იქ იმდენი კაცი ირევა, კაციშვილი ვერ შეგამჩნევსო. აფხაზური თუ იციმეთქი? როგორ გითხრაო, აი შენ რა ენას სწავლობდი სკოლაშიო? გერმანულსმეთქი. ჰოდა, შენ  ახლა გერმანული რომ იცი, იმ დონეზე ვიცი აფხაზურიორაღაცას გავიგებ, რაღაცას მივხვდები, ერთი სიტყვით თავს დავიძვრენო. მართალი გითხრად ვერ დავიჯერე, რადგან კარგად ვიცნობდი, მაგრამ მაინც ვკითხე, რა ხდება იქითმეთქი? არავინ გველოდება, ცხადიაო. ეს მეც ვიცი, საეროდ რა ხდებამეთქი? რა ვიცი, ხალხი დადის, ბაზარი მუშაობს, რუსები სახლებს ისაკუთრებენ, დაჩებს აწყობენ და დასახლებებს აშენებენო, ათასი ჯურის ხალხი ჩამოდის და მზამზარეულ ბინებში სახლდება და რაც მთავარია, ენგურზე მტკიცდება საზღვარი, როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურადო.  ესე იგი მშვიდობითმეთქი?! არა, მთლად ასეც  არააო. ის მუდამ ასეთი წინააღმდეგობრივი ხასიათისა იყო და მუდამ ერთმანეთის გამომრიცხავ რაღაცეებს ამტკიცებდა. დავშორდი და ცოტა არ იყოს იმაზე მეტად ამაღელვა  მასთან შეხვედრამ ვიდრე ველოდი ან მეგონა. 
      სულ ბოლოს, ახლახან ვნახე, უფრო სწორედ მისი სურათი ვნახე ეკრანზე: სათვალე ეკეთა, როგორც ყოველთვის პროფესორივით იღიმებოდა. 26 მაისს გალში, „მინიომისდროს, პარტიზანებთან ყოფილა, ჟურნალისტად და მათთან ერთად ჩაუცხრილავთ სადღაც ღალიძგას ღრანტეებში. ახლა დიქტორი იუწყებოდა რომ,  ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით აჯილდოვებდა მას ძლევამოსილი ქვეყნის  პრეზიდენტი, მამაცობისა და ქვეყნის განვითარებაში, დემოკრატიის დასაცავად შეტანილი წვლილისთვის, სიკვდილის შემდეგ. 
       მოულოდნელობისაგან გაოცებული მივაჩერდი მის სურათს, მოციმციმე ეკრანზე ოდნავშესამჩნევი ირონიით რომ იღიმებოდა  და არ დავიჯერე, ვიფიქრე, რაღაცას მატყუებს და ტრაბახობსმეთქი. 

??????