განა ეს არის დანაშაული?!
ერთმანეთს ვიცნობთ განა სალმით,
ჩვენ ერთად პურიც გაგვიტეხია,
მოგვიყოლია ბევრი ამბავი
და ცოტა კიდეც დაგვიკვეხნია.
ახლა კი უფრო ახლოს, დასტურით
ვიცნობთ და გვესმის სიტყვა უთქმელად,
მაგრამ რომ გავხსნათ ჩვენი წარსული,
ჯერ კიდევ არ გვაქვს ამის უფლება?!
მერე რა მოხდა, მოდი, თქვი, რადგან
იმ ძველი ტრფობის ჩადგა ზღვაური.
ჩვენ რომ ის ერთი ქალი გვიყვარდა,
განა ეს არის დანაშაული?!
1960