შალაშვილი ცირა
გაზიარება

რა ვუთხრა ანას 

რა ვუთხრა ანას,
რომ შემხვდება, რა ვუთხრა მურმანს,
წალეკა-მეთქი ეს ქვეყანა მტრობამ და შურმა?
გააპარტახა სული მიწის ოქრომ და ფულმა
და ვირმა, ჯერაც, რა ხილია, ვერ იცნო ხურმა?
რა ვუპასუხო, 
მკითხავს, ვიცი, თუ გნებავთ, მუხრანს!
რად ვკვდები-მეთქი მეათასედ,
ასე რად ვწუხვარ,
რატომ ჩაუქრა ცეცხლი, რა ვთქვა,
ძველისძველ ბუხარს,
რად გადაფარა უცხო ჯაგმა თელა და მუხა!
რომ შემომხედავს წარბაწევით,
რა ვუთხრა მუხრანს!
ანდა რა ვუყო, რა უნდა ვქნა,
რა ვუთხრა ანას,
არაქართულად რომ შრიალებს ბაღი და ყანა.
ვისი ჯიშია,
რომ ამატებს სართულს და სართულს,
ქართულ მიწაზე ვინ მიწესებს
ჟამს არაქართულს...
სამშობლოს ჩემსას
სახვალიო ღიმილს ვინ პარავს,-
რომ შემეკითხოს,  რას მიბრძანებთ,
რა ვუთხრა ანას!

??????