(თანამედროვე ზღაპარი)
არის და არა არის რა, არიან სამნი ძმანი კეჟერაძეები.
ერთი ერთგან იწევდა, მეორე-მეორეგან, მესამე სულ სხვა მხარეს...
მაგრამრთგან იწევდა, მეორე-მე; ერთმანეთს რადგან მაინცა ჰგავდნენ, ერთხელაც, შეიკრიბნენ. დათქმულ ადგილას, მთაზე მდგარ ფუნიკულიორის ზედა სადგურთან ერთდროულად ავიდნენ,მიუხედავათ იმისა,რომ გრიშა საბაგირო გზით ამაღლდა ლეგენდარული ზღვის დონიდან, ვასიკო-ტრამვაით, შალვა კი ფეხით.მათგან უფროსმა, შალვამ, თქვა:
ისრების ამბავი ხომ გაგიგონიათ?
რომელი ისრების?
აი, ცალ-ცალკე რომ გადატეხეს და ერთად კი ვერა.
გამარჯობათ.
გაგიმარჯოს.
ხოდა, ჩვენც ერთად უნდა ვიყოთ.
პატარა ხნით დადუმდნენ, რადგან ლამაზმა ქალმა, ანუ როგორც გრიშა უწოდებდა, „კარგმა ადამიანმა“ ჩაიარა.
თვალსაჩინო ქალი მხედველობის არეს რომ გასცდა, ვასიკომ იკითხა:
ერთად არა ვართ?
ახლა, იცოცხლე, კი, მაგრამ მაინც ვერა ვართ ერთად.
ეს როგორ... - იკითხა ვასიკომ და გაკვირვების ჩიტი ქვედა ტუჩზე დაასკუპდა.
სამივენი, ცალ – ცალკე დავბოდიალობთ და ბევრად აჯობებს...
მე არსად არ დავბოდიალობ, - შეაწყვეტინა ვასიკომ – სულ ატელიეში ვზივარ.
ბიჭოს, - ხელი მხარზზე დაირტყა შალვამ, - შენ დაბოდიალობ თუ დაბოდიალობ.
- სწორი ხარ, - აღიარა ვასიკომ, რადგან მას ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, ისე კი მხატვრული ფოტოგრაფი იყო.
- იმას ვამბობდი... - თქვა შალვამ და შეჩერდა. თუმცა ძმები იყვნენ, ერთმანეთში უჭირდათ ლაპარაკი. და აი, რატომ:
ცალ – ცალკე, გაგიხარიათ, იმათ შეეძლოთ სიტყვების ფრქვევა – სხვადასხვანაირ ადამიანებსა თუ საზოგადოებაში.
მაგრამ ახლა, რადგან მშვენივრად მოეხსენებოდათ ერთიმეორის ვრცელი შესაძლებლობანი, თან, ამმხრივი პროფესიული თვალსაზრისით პატივსაც სცემდნენ ერთურთს, უნებურად ფრთხილობდნენ რაიმე უმნიშვნელო არ დასცდენოდათ; ეს ეგრეთ წოდებულ საწყის დაზვერვასა ჰგავდა, გამოჩენილ მოკრივეთა თუ ფეხბურთელთა გუნდების არ იყოს. მათგან ყველაზე მეტად სიტყვათმფრქვეველი, გრიშა, განსაკუთრებით დაძაბული იყო, ნებისმიერმა ძმამ კარგად იცოდა ძმათა ფასი. მაგრამ ჰაერში, როგორც იტყვიან, დენთის სუნი ტრიალებდა. გეკამათებინა კეჟერაძეებიდა, ჰეიჰო, რას არ გადასწვდებოდნენ. მაგრამ ახლა, მათთვის შეუსაბამო სიჩუმე იდგა, და, კიდევ კარგი, იმ თვალით შესანიშნავმა ქალმა ისევ ჩამოიარა, შორიახლოს შეჩერდა, გულდასმით აათვალიერა სამივე და, მიეფარა ისევ სადგურის ფრთას.
კაცო, ეს ქალი მოგზავნილი ხომ არაა? - იკითხა შალვამ.
არა, აჰ, - უარყო ძმის თვალსაზრისი გრიშამ.
რატომ, მაინც.
ასეთი ლამაზი და, მოგზავნილი? რა ძალა ადგა...
რა, მატა ხარი ნაკლები იყო? - ჩაერთო ვასილი.
სად გინახავს მაინც... - გაღიზიანდა გრიშა.
გადმოცემით ვიცი.
ვინ გადმოგცა მაინც...
ჯაშუშებზეა წიგნი.
მხატვრული, ჩიტო?
კმარა, გეყოფათ, გაშველების მანდილივით ჩაერიათ შალვა, - თუკი მომისმენთ, ერთ ღირებულ რამეს შემოგთავაზებთ.
ორი ძმა ადგილზე სდუმდა, მესამე, შალვა, მოკლე ბოლთასა სცემდა, ორ-სამ ნაბიჯით მიმოდიოდა და, სდუმდა ასე.
ივნისი იდგა, ასადუღებელი ზაფხულის მეწინავე თვე.
შეჩერდა, შალვა:
- აი რაშია, მეგობრებო, საქმე. ჩვენ აქამდე თუმც შეჩვეულნი ვიყავით ცალ-ცალკე წანწალს, ახლა, კეთილი უნდა ვინებოთ და, შევერთდეთ უნდა.
შენ არ გეწყინოს, ჩვენო გრიშა და, შენი დიდი დამსახურების მიუხედავად, რომ ძალიან გსურს შენი ხელშეწყობით ადამიანები გახდნენ უკეთესები, ვიდრე არიან, ზოგიერთი ქარაფშუტად გთვლის... - არ გამაწყვეტინო! - აკი მეც ხომ მშვენივრად ვიცი, არაა ეს სწორი. შენ, ვასიკო-სხვარამისავ, რადგან ძირითადად წარმოდგენებით ცხოვრობ, უტოპისტადაც კი მიაჩნიხარ ზოგს, მაგრამ არ დაიჯერო, კაცმა არ იცის, ვინ-ვინაა და სად, შემოგვიერთდე უნდა, რადგან საქმე საქმეზე თუ მიდგა, გამოცდილება გაქვს დაგროვილი ისეთი, მტერ-მოყვარესაც შეშურდება. რაც შემეხება თქვენს შალვას, მე, ისეთი რამის გაღვივებასა და დანთებას ვცდილობ, დაფარვა რომ სჭირდება, და აი, მოდით, ჩავჭიდოთ ერთმანეთს ძმურ-ძმური ხელი და რომელიმე სოფელს მივადგეთ, ოღონდ ასეთი შეუნიღბავები კი არა, არამედ ხელოვნების ერთ-ერთი კუთხით, ერთ-ერთი სახეობით უნდა აღვიჭურვოთ, დიდხანს ვიფიქრე და, ხელოვნებათაგან, ამოვირჩიე უმწიკვლოესი.
- რაა ასეთი... - იკითხასუნთქვა შეკრულმა გრიშამ, ვასიკოს ძლიერ გადაჰკრა ფერმა. ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო, და, რაღაც გამჭვირვალე, თხელმა, სათუთად ვარდისფერმა ქსოვილმა – ზედ მამაც თავზე გადაუფრინათ.
- ნუ მაწყვეტინებ. შემოინახე, გრიშიკო, თავი, შენი ძალა და სიმამაცე ახლო მომავალში დიახაც რომ გამოგვადგება.
ჩვენ, ძმანნი სამნნი, - აღზევდა შალვა, - საქართველოს ერთ-ერთ სოფელში წავალთ, და ეს იქნება გამოკვეთილად ნამდვილი ქართული სოფელი, ჩვენი – ოდესღაც კოლხთა და იბერთა. მომცრო სოფელი იქნება ეს, მააგრამ სხვადასხვანაირ მკვიდრთა წყალობით, იქაურთა წვრილ-დიდ-პატარა, ჭრელა-ჭრულა მიზანსწრაფვებისა და მოსაზრებების აღსავსეობისა გამო, და განსხვავებულ აზრ- მსჯელობათა გამოისობით, მრავალმხრივად აბურდული და დაბურდული სოფელი იქნება ეს ქართველების, - ჩვენი, და როგორც ყველგან, იქნებიან იქ კეთილნი სულნი და ბოროტნი, სხვადასხვანაირტევადობიანი მატყუარები თუ პირში მთქმელები, კენტთავიანი დევებიცა და მიწყივ მუშაკნიც ეყოლებათ, აგრეთვე ანგელოსებივით ბავშვები და გაჭინკებული ჯეილები, ეგებ მინდვრად გარუჯული მზეთუნახავებიც ერიოთ, და ერთადერთის, ჩვენი ხალხური ზღაპრებიდან, მზეჭაბუკისა მეეჭვება, მაგრამ რადგან მეცნიერულადაც კია დამტკიცებული, რომ ფეხმძიმე ქალბატონებბის დაუბადებელ ბავშვებს თურმე უკვე ესმით მუსიკისა და, საერთოდ, ხმები, ჩვენ, სამთავე ძმამ, ფეხმძიმე ქალებს მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ...
- ვაჟ სამანაშვილისაგან განსხვავებით?
- ნუ მაწყვეტინებ, ვასილ. ჩვენ, სამთავე ძმამ, ვაჟ-სამანაშვილისაგან განსხვავებით, ფეხმძიმე ქალებს მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, - ჩვენის მონდომებითა და რუდუნებით, მზეჭაბუკი ჩამოყალიბდეს და დაიბადოს ეგებ, - იქუხა, ცაზე, ღრუბლის ნაფლეთიც კი არსად ჩანდა, - რომელ ერს აწყენს და არ სჭირდება მზეჭაბუკი, გეთაყვანეთ, ჩვენ, ქართველებს რომ გვაწყინოს და არ გვჭირდებოდეს, მაგრამ ისე არ გამიგოთ, რომ მხოლოდ ფეხმძიმე ქალებს მივადგეთ და გამოვუჭედოთ ყურები – არა, გენაცვათ, მთელი სოფელი უნდა ავიყოლიოთ ჩვენ-ჩვენი თემობრივი ნედლეულით, ხოლო ხალხმა რომ მოგვისმინოს და აგვყვეს, როგორც აღვნიშნე, ხელოვნების ერთ-ერთი კუთხით უნდა მივუდგეთ და, ბევრი ვიფიქრე ხან დღით, ხან ღამით, ხანდახან-წვიმდა, ამას არა აქვს მნიშვნელობა, და მოვიფიქრე! - ხელოვნებათაგან, შევარჩიე უმწიკვლოესი, აუ, ეს რამდენი ვილაპარაკე.
კვლავაც მოახლოებულ-შეჩერებულმა თვალსაჩინო ქალმა კი ჰკითხათ:
- ბოდიშით, რაიმე ხომ არ მოგეძევებათ?
არაბერძნულად იკითხა ესა, რადგან კეჟერაძეები ქართველები იყვნენ.
ჯერ დაბნეულები შესცქეროდნენ, მერე გრიშამ იყოჩაღა, არაბერძნულადვე მიუგო:
- რაიმეს მეტი რა მოგვეძევება.
- მართლა? - გაეხარდა საიმისო ქალს; აშკარად მოეწონა გრიშა და იმისი პასუხი, - აი, ვთქვათ, მაგალითად, თუ მოგეძევებათ...
მაინც რა და რა მოგეძევებათ?
- რა, და, გენაცვალე, - ერთგვარი გულცივობით ჩაერია შალვა, - აუარება რამ გაგვაჩნია – სულო და გულო, იმდენი რამ მოგვეძევება: ვაზი და ჩაი, სასარგებლო წიაღისეული, თქვენ ციტრუსები უფრო გიყვართ, მინერალური წყლები, დაფნის ფოთოლი იმდენი რომ, ყველას გვეყოფოდა გვირგვინისათვის, აგრეთვე დათოვლილი ქედები და იმისთანა ზღვაა...
- ჩვენთანაც კია ზღვა, - დარდიანად აღნუსხა ქალმა, ოღონდ ბრრ...
რა, ძლიერ ცივია? - დეკოლტისაკენ დაეკითხა გრიშა,
- ცივი წყალია განსაკუთრებით ძალიან.
- კლიტემნესტრას ჰგავს, შეჩვენებული, - ქართულად აღნიშნა ვასილმა.
- ჰოდა თქვენც აიღეთ და თბილად ჩაიცვით, გენაცვალე, - ალალად ურჩია გრიშამ.
- და იაპონური ქოლგებიც ხომ არ გექნებათ?
ავი სიჩუმე ჩამოწვა.
- თქვენ მისამართი შეგეშალათ, - მკაცრად წარმოსთქვა მერე შალვამ.
- მართლა? - სულაც არ შემცბარა ქალი, - რა ვიცი, ასე დამარიგეს, თუკი უსაქმოთ დგანანო...
ძმებმა ერთმანეთს გადახედეს.
- თქვენ დარწმუნებული ხართ რომ, უსაქმოდ ვდგავართ? - სუსხიანად იკითხა შალვამ.
-აბა რა ვიცი, - და გაჭირვებით დააყოლა, - გენაც-ვალე... მართლა, გენაცვალე არაქართულად როგორ იქნება?
სულიქო, - გესლიანად მიახალა გრიშამ.
- მშვიდობით, - გადაჭრით უთხრა შალვამ, ხოლო როდესაც ქალი გაეცალათ, ვასიკომ კვლავაც აღნიშნა: - კლიტემნესტრას ჰგავდა,შეჩვენებული.
ჩვენ ვისღა მიგვამგვანა? - ნაღვლიანად იკითხა გრიშამ.
- გადამყიდველებს? ჰაიი, გიდი... - ხმა გაბზარვოდა მედგარ შალვას.
„ახლა თათბირი არა გვქონდეს, მე ვიცი შენთვის ერთო ისეთი ქოლგაა... - ქალს მიადევნა ფიქრი გრიშამ.
პატარა ხანს გულდათუთქულნი იდგნენ, მერმე გრიშამ ფხა გამოიჩინა:
- მერედა, თქვე კარგი დედმამიშვილებო, რომ დავმდგარვართ აქ და დაგვიღია პირი, აქვე არაა რესტორანი? შევიდეთ, დავსხდეთ ადამიანურად და, ვილაპარაკოთ. ჰა, ვასიკო?
მართლაცდა, არ აღგვენიშნა ჩვენი შეხვედრა ორიოდ ჭიქით?
კარგი კი იქნებოდა, - შეფიქრიანდა შალვა და ერთბაშად გამოერკვა, - მაგრამ
არა , არა, არავითარ შემთხვევაში! რესტორნის ფული სადა გვაქვს...
როგორ არა მაქვს, სარესტორნო თანხა, - თავი გამოიდო გრიშამ.
მაქვს მეც, - ჯიბეზე ხელი გაიკრა ვასილმა.
- არაფერი შაგეშალოთ, - გამკაცრდაშალვა, - თქვენ რომ ფული გაქვთ, ის სამომავლო ფულია, რადგან ჩემი ღონისძიებისათვის ძალიან დაგვჭირდება.
მართლა?
დიახ. მანამდე კი, სისულელეებში რომ არ დაგვეხარჯოს, უნდა ვიყოთ ძუნწები,
ისეთები, ისეთები რომ... აი როგორც... აი...
- ჰობსეკი, პორთოსის საყვარლის ქმარი, პოშეხონელი დედაკაცი, ჭაბუკობის დროინდელი მეჯღანუაშვილი... შეაშველა ვასიკომ.
დიახ.
მაგრამ გამოსავალი მუდამ არსებობს, შეგვიძლია იაფად გადარჩენა.
როგორ?
- როგორ და, აქვე, ანუ ცოტათი მოშორებით, კარგი ბუჩქები შევარჩიოთ და გასტრონომში ნაყიდი პურმარილიანა ჩავჯდეთ.
მერედა სადაა აქ გასტრონომი?
- მე ჩავფრინდები და ამოვფრინდები ხელად,მფრინავი საკნით! - წამოიძახა გრიშამ, ზღაპარ იყო... - არც რიგია და არც არაფერი.
- ძალიან კარგი. დრო რომ არ დავკარგოთ,მე წავალ და ბუჩქებს შევარჩევ. ვასიკო აქ დარჩება, შტაბივით, - სხარტად, საქმიანად ალაპარაკდა შალვა, - მერე ვასიკოსთან შევიკრიბოთ. ორმოცი წუთი გეყოფა?
კი კაცო.
- კონსერვის გასახსნელი ჯაყვა ზედ მაქვს. რესტორნის ფული დაგვეზოგება. პურ-მარილში ღვინო არ დაგავიწყდეს.
რა დამავიწყებს, - გაიბადრა გრიშა, - ღვინო პურ-მარილში მთავარია.
- ჰო, - აღნიშნა ვასიკომაც,- პურმარილი მარტო პური და მარილი კი არაა.
გადატანითი მნიშვნელობის გამონათქვამია, რადგან...
ღვინო რომელი ამოვიტანო?
ერთი ნაგავია ყველა. მაგრამ ტიბაანი ამოიტანე.
- თუ იქნა. აბა, წავედი, აქა ვარ დროზე, ზუსტად ორმოც წუთში გრინვიჩის დროით.
როგორც დათქვეს, ისე მოიქცნენ. გრიშა მფრინავი საკნით დროზე ამოფრინდა კარგა გაძიძგინებულ ხურჯინიანა, შალვამ ისეთი ბუჩქები შეარჩია, ავ თვალს არ დაენახვებოდა, ვასიკომ თვალის დახამხამებაში იქაურობა მიაწკრიალა, ისეთი გაზეთ-სუფრა გაიშალა, ჩიტის რძეც კი არ აკლდათ – ძეხვი, კონსერვი, ვაფლი და რამე... ღმერთს ჩვენთვის კარგი ბედი ურგუნებიაო, დახსნეს ბოთლები, დახვდთ შიგ ღვინო, დაგლიჯეს პური, ხელმწიფის ქალის გამომცხვარსა ჰგავდა, გრიშას მარილი დავიწყნოდა, „შენ კი რა გითხარიო“, მოსჭრა ვასიკომ თავი, მაგრამ შალვამ რაღაც ბალახ-ბულახი იპოვა, მიუსვ-მოუსვა და გააცოცხლა: „რა მოხდა მერე, მარილმა აკი დავიწყება იცისო“, მადიანად შეექცნენ ნატვრის სუფრას, ისეთი კონსერვები იყო, რომ ზღვასა და ხმელეთზე იმგვარი არსად იქნებოდა, მზე მაღლა იდგა, ისე მძლავრი და ისეთი ლამაზი, რომ კაცი თვალს ვერ
გაუსწორებდა, ქართულ ბუჩქებში ჩამსხდარიყვნენ, მააშ. თამადად შალვა დააყენეს, თუ დასჭირდებოდა, იმას სმა შეეძლო? - სხვა რომ ჭიქებით თვრებოდა, ის ორჭიქობით ვერა თვრებოდა, კარქა გაუძღვათ; უმძრახი პურიჭამა ჩვენში აბა სად გაგონილა, და რაც ამ ძმებმა ილაპარაკეს? აიმდენ სიტყვებს ზღვაში ვერ იპოვნიდი, ქართული სიტყვები ჰხარჯეს, ჰხარჯეს და ვერ დახარჯეს, ილაპარაკეს, სვეს, სვეს, ილაპრაკეს, იბაასეს, გრიშა, მღელვარებისგა, შარვალს მუხლთან ხელისგულით ცრეცდა, დაალაგეს გეგმ, მოდით და, ძმებო, ასე და ასეო, ძირითად საკითხებში შეთანხმდნენ, მხოლოდ ერთ საკითხს ძვრა ვერმ უყვეს, მაინც კარგ ხასიათზე დადგნენ, გულზე მოეშვათ, და ერთხელაც რომ ასწიეს ხუთკაპიკიანი წყლის ავტომატიდან უბოროტოდ აწაპნილი ჭიქა, და ესრეთ ყოფაში რომ იყვნენ, ძრიელ უხაროდათ, მაგრამ ორი ცალთვალა დევი ზეწამოადგათ და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის იქაურ მაღლივ სადევოში წააბრძანეს, ცოტათი უფროს ორვარსკვლავიან დევს მიჰგვარეს იქა.
გზად გაქცევა არც ერთს არ უცდია, წიქარა სადღაც შორს ბალახობდა, იქ კი ორვარსკვლავიანმა ისეთი რამეები მიახალათ?! - ჰაი იმან პირადობის მოწმობებიო, ჰაი იმან სახლთმმართველობის დევის დახასიათებებიო, ჰაი იმან ვინ სადა ჰფლანგავთ დროსაო, ჰაი იმან ბუჩქებში ჰლოთობთ და რესპუბლიკას არცხვენთო, ჰაი იმან თხუთმეტი სუტკა უკან დაგრჩებათო და, მოკლედ, იმან იმდენი ჰაი, და სამნი ძმანი იქამდე აყურყუტეს, სანამ ორ რესტორნობას რომ ეყოფოდა, იმდენი ვერცხლი არ დააყრევინეს.
„ჩვენ-ჩვენი ბედი რა ვთქვი...“ - ყველას სახელით გაიფიქრა გრიშამ. მანამდე კი, გაშლილ პურ-მარილთან, აი, რა როგორ იყო:
2
- ხელოვნება ერთიმხრივ სახიფათო რამაცაა, - მეოთხე სადღეგრძელოს შემდეგ წამოიწყო ძირითადი სათქმელი შალვამ.
- დიდად უცნაურია, მაგრამ კარგ გერმანელებს ხელოვნებაში ის ძალიან დიდი მიღწევები რომ არ ჰქონოდათ, ცუდი გერმანელები ვერც წამოიწყებდნენ ყველაზე საშინელ ომს. ისიცაა გასაკვირი, და თან არც არის, რომ გერმანელებში სწორედ ყველაზე უღირსებმა სხვებზე მაღლა წარმოიდგინეს ოხერი თავი, დიდ წინაპართა დამსახურებებით გაიბღინძნენ, როგორია, ჰა, ბახისა და ბეთჰოვენის მემკვიდრეებად,გებელსიჰიტლერი. შობელძაღლები.აგნერის მარშებზე ვთომ საზეიმოდ დაატარებდნენ ყეყეჩ ჯარისკაცთ, ხოლო ეს რომ თავის დროზე სცოდნოდა, ბატის ფრთა ეგებ არც აეღო საბრალო რიხარდს, კაციჭამიები!
აბა?! - თქვა გრიშამ და ძეხვი ხელიდან გააგდო.
- დიახ, პრესტიჟისათვის, შეუამხანაგდნენ ხელოვნებაში საერთოდ დიდად წარმოჩინებულ იტალიელებს, მაგრამ იქაურ მხოლოდ ცუდებს, თორემ ჩვენი ფორე მოსულიშვილი, ყვითელკანიანთა გვერდით კი არ იბრძოდა, იმას ვამბობდი, დიდმა ხელოვნებამ სწორედ უღირსობა გააყოყოჩა – მეთქი, დიოსციკლინაც არ აკლდათ, ნაგვებს, და ის კი არ იცოდნენ, ხელოვნება და სამხედროული დისციპლინა რომ შეუთავსებელია, რადგან...
- მე მხოლოდ თვითდისციპლინა მწამს, აი, თუნდაც ისეთი, ფლობერს გამოკვეთილად რომ ჰქონდა...
- აბა რა, სხვისგან თავსმოხვეული დისციპლინა შენს მტერს, მთავარია, საკუთარი ინტონაცია...
- დიახ, იმას ვამბობდი, დიდ ხელოვანთა ნაწარმოებნი თავიანთ კუთვნილება – დამსახურებად მიიჩნიეს, და, ამის გამოც მსოფლიოს კანონიერ მფლობელებად შეირაცხეს ოხრული ჭკუით გამოტენილი თავი – ადამიანის მხრების გარდა, სხვაგან საიდან ამოვა ასეთი რეგვენული კვახი, და თუმც დიდ პატივსა ვცემთ – ააბა, ვის!
- ბახს და გოეთეს, ბეთჰოვენსა და კრანახს, შილერს, დიურერს... შუბერტი, ბატონო, მოცარტიც გერმანულად ლაპარაკობდა, კანტი...
- საკმარისია. ოღონდ ფილოსოფოსები არ გამაგონო.
ჩასხდებიან ხოლმე თავ-ავისთვის, სადმე ბნელში და, აკვარახჭინებენ - ეს ასე უნდა იყოს, ან – ეს ასე არ უნდა იყოს, ის ისე არ უნდა იყოს, არამედ უნდა იყოს ასთე და ისთე, არ მომკლა ამდენმა უნდა-მ?, გამანებე, ვიღაცა ხარ, თავი...
ჰო, წადი რა, შენ გზაზე გაიარე...
ხორცთშესხმა აკლიათ... ცუდი საკითხავები არიან...
ისე, ეგენიც ადამიანთა შორის უკეთესი ურთიერთობისათვის ცდილობენ.
მოაზროვნე ხალხია.
მაინც ნუღარ გამაგონებთ, მესაქმის ხალხი მირჩევნია. ჩამოასხი ერთიც
ბოთლის ჭინკებმა ჯერ ჭიქაში გადაინაცვლეს,მერე ძმათა სხეულში,და წინ კიდევ გრძელი, ადვილი და გამოსაფიტი გზა ედოთ.
- აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ მე წინაპართა დამსახურების ოხრულად გამოყენებაზე მოგახსენებთ მხოლოდ,თორემ იგივე ბეთჰოვენი დაპყრობილ ქვეყანაში მოღვაწეობდა...
- მეც არ გამიკვირდა? - ხელისგული ამოატრიალა ვასილმა, - თორემ თურქებს აბა რომელი გენიოსები ჰყავდათ. მაგრამ...
სულ მაინც ხმალზე ედოთ უანბანო ხელი..
ერთი პოეტი გვყავდაო, მაგრამ ისიც სხვა ენაზე წერდა...
აბა მაშინ იმათ რაღა ძალა ადგათ...
- კარგია, კმარა, - გააქყვეტინა შალვამ, რადგან თემას არასასურველად გადაუხვიეს, - იმას მოგახსენებდით – ადამიანის სული რომ შესძრა, ხელოვნების ერთ-ერთი კუთხით უნდა მიუდგე, და ძალიან მაწვალებდა არჩევანი – მაინც რომელი კუთხით? აკი გითხარით, მუსიკა, პოეზია და ამისთანანი, დალოცვილები, საშიშია, რაიმეთი ცუდად რომ არ დაგვირგვინდეს... ბევრი ვიფიქრე, თანაც, ცოტათი მრცხვენოდა, სხვას რა ჭკუა უნდა ასწავლო, უცოდველი ხომ არავინა ვართ-მეთქი.
ცოტათი მე ვარ, - წამოსცდა ვასიკოს.
ცოტათი რა...
უცოდველი, - თქვა ვასიკომ და იქვე გაწითლდა.
- კი, კი, აბა, - დაემანჭა გრიშა, - ღამღამობით შენი ატელიეა თუ რაღაცაა იმის გასაღებს რომ მაძლევ, არაა დარღვევა ეს?
- აქეთ მამადლი? - ჯერ გაოცდა და გაბრაზდა მერე ვასილი.- აქეთ მამადლი ანგარებას? უსვინდისო შენ!.
- უსვინდისო ვარ, ამ შემთხვევაში, - ადვილად აღიარა გრიშამ და გაუღიმა, - მოდი გაკოცო.
წვრილ-წვრილი ცოდვა ყველასა გვაქვს, - შეაჯამა მშვიდობიანად დამთავრებული მცირე შეხლა – შემოხლა კეჟერაძე შალვამ, - მაგრამ ბოროტები ნამდვილად არ ვართ.
ეგღა გვაკლია...
აჰ, აჰ, ღმერთმა დაგვიფაროს.
ჰოდა, ხელოვნებათაგან, მეც ავიღე და, ავირჩიე უმწიკვლესი.
მაინც... რომელი... - მღელვარედ იკითხა გრიშამ.
რომელი... მაინც...
- კიდევ მეტად აღელდა ვასიკო.
- არ გადანცვიფრდეთ, ნელ – ნელა გეტყვით, - თქვა შალვამ და ზეზე წამოდგა, - ეერთი... ორი დაა... რა და საცირკო ხელოვნება!
ერთი ცოლ – ქმარი იყო, ღარიბად ცხოვრობდნენ. ეს ცოლი მუდამ იმას უჩიჩინებდა, წადი, კაცო, მიდექ – მოდექი და რაღაცა გასამრჯელო მოიტანეო... წავიდა კიკოლი, მიდგა, მოდგა და გასამრჯელო მოიტანა, ცოლს თვალში ისე ეცოტავა, ქოში უკუღმა ჰყარა, მიჰყო იმ თავის ქმარსა პირი და მთელი ქვეყნის ტალახი თავზე ჩამოასხა. რაღა ქნას ამ კიკოლიმ, ცუდადაა საქმე. ერთი ნატვრისთვალი კი ჰქონდა, მაგრამ მსხვილმანი – იმის ნატვრისთვალს მეფური საჭმელების მოგვრისა არა გაეგებოდა რა.
სამაგიეროდ, ცაზედ მზე ამოჰყავდა და მიწიდან წყალი. გაუდგა გზას კიკოლი და, აკი იმ ნატვრისთვალმაც არ უმტყუნა? აი, ხომ კარგი დარი ინატრა, მაგრამ გაავდრდა, გაავდრდა რომ – ხონთქრის ქალის კაპასობასა ჰგავდა. მიდის კიკოლი, ღამეა, წვიმს, სწყურია, ჰშია, სცივა. შემოხვდა გზად ერთი უპატრონო საფლავი და ჩამოჯდა, იქვე, აწვიმს, აწვიმს რომ, აეს კიკოლიც ღრუბელივითაა, ჭირსაც წაუღია ჩემი თავი, რაც მომივა, მომივიდესო, გაიფიქრა, აღარა დგება, წვიიმს. მაგრამ ქვემოდან ამოუძახეს – ეეჰ, კიკოლი, მანდ რაგინდ დიდი ავდარი იდგეს, იცოდე, მაინც კარგიაო. გამხნევდა ეს ჩვენი კიკოლი, გაუდგა ისევ თავის ბნელ გზას, ეგებ ჩემს ბედს მეც ვეწიოო, აღარა სცივა, არა ჰშია, არცა სწყურია. გაიხედა და – რაღაცა ბჟუტავს.
- გაგიკვირდათ, ხომ? - დიდად აღფრთოვანდა შალვა, ბედნიერების ნათელი ადგა, - ასეა, ასე, ყოველი ღირებული საქმე გაკვირვებით უნდა დაიწყოს და, პირველმა ნაბიჯმა რომ გამიმართლა, აეს უკვე რაღაცას ნიშნავს.
აღმაფრენისგან თავრეტდასხმულსა ჰგავდა, მაგრამ გრიშამ თქვა:
ის ბოლო ჭიქა არ უნდა დაგელია.
შალვამ გულიანად გაიცინა:
- შენ რა გითხარი...
- და უცებ გისოსივით გამკაცრდა: - ეგრევე იჯექით! გაისუსეთ! თქვენი შერხევა არ ვნახო! - და მაინც, მერე, რაღაცა გაეხახუნა გისოსურ სიმტკიცეზე, ქლიბისდამაგვარი, რადგანაც თქვა: დამიჯერებთ და არ წააგებთ, ძმებო.
წავიდა, წავიდა კიკოლი, მიუახლოვდა, დააცქერდა და, რასა ხედავს: ერთი კიკოლიზედ პატარა, იმაზედ საცოდავი, იმაზედ უბედური, რაღაცა ერთი ბეწო ციციცნათელა წაქცეული ხის ფუღუროში შეყუჟულა და იქედან კვნესასავით დროდადრო ბჟუტავს.
რა იყო, შე ბეჩავო, რა დაგმართნიაო, კიკოლიმ, იმანაც, რაო და, მცივა, მშიან და მწყურია, ეგება რამე მიშველო და მერე მეც იქნებ გამოგადგეო. აბა, ჩემნაირ გაჭირვებულს რა შეუძლიანო, კიკოლიმ. იმან კი, სული ხომ მაინც გიდგიაო. სულიო, კიო. ჰოდა, შთამბერეო. მერედა, სულიც რომ შენ შთაგბერო, მე რაღა დამრჩესო.
სულს რომ შთამბერავ, შენც უფრო შევსებიო. ეგ როგორღაო, კიკოლიმ. როგორ და, მეც გავთბები და შენც გაგათბობო, იმან.
- სიტყვა ცირკი ლათინური წარმოშობისაა და წრესა ნიშნავს, - როგორც წესი და რიგია, ძირფესვიანად წამოიწყო ახსნა განმარტება შალვამ, - დიდი მრავალმხრივი დარგი კია, რაც მართალია, მართალია. რაღას არ შეიცავს – ეს აკრობატიკაო, პანტომიმაო, კლოუნადაო, გიმნასტიკა, ცხენზედ თამაში, ეკვილიბრისტიკაო, ჟონგლიორობაო, მუ0სიკალური ექსცენტრიკა, ილუზიონიზმი და, ვინ მოთვლის, კიდევ რა. ეს – ახლა. მაგრამ ჯერ კიდევ უძველეს კრეტა-მიკენშიც, გამოქანებულ ხარს რქებში სტაცებდნენ ხელს და მალაყით გადაევლებოდნენ თურმე, მერე, ძველ რომში, მოგეხსენებათ, გლადიატორთა ბრძოლებსა და ავ ნადირთან შეჭიდებასაც ცირკი რომ ერქვა. თანდათანობით კი, როგორც ხდება, ძველი სახეობა-სანახაობანი მოიშალა და ახლებურები დამკვიდრდა, რომლებიც უკვე ჩამოვთვალე, მაგრამ ჩვენ, ძმებმა, ცირკისეული განშტოებებიდან ურთულესი, უმწიკვლოესი და ამაღლებული უნდა ამოვარჩიოთ, თორემ მიდი და ახტუნავე აქეთ-იქით რაღაც მაიმუნი ძაღლი, ამაში რა ყრია?
არაფერი, აჰ.
ნუ მაწყვეტინებ, გრიგოლ.
საცირ...
შენ თვითონ არ დასვი შეკითხვა? ვერ გამიგია ამ...
- კარგი, გაჩერდი. იმას ვამბობდი, საცირკო ხელოვნების განშტოებათაგან კი, მეც ავიღე და, პირადად ჩვენთვის, შევარჩიე უპირველესი... უპირველესი... უპირ... გამაწყვეტინეთ!
რა!
- რა და, ვასიკო – არ შეგეშინდეთ – რა და, ძმებოჯან, - არსად გამექცეთ! - რა-ა? - კლოუნადა!!
სახტად დარჩენილი ორივე ძმა პირგაკვირვება-კატანაცემი ასცქეროდა მესამეს, იმან კი, უცებ არ გამოფხიზლდნენ, და მასხარად არ ამიგდონო, კვლავაც აკადემიურ ახსნა-საუბარს მიმართა:
- სიტყვა კლოუნი თურმე ინგლისური წარმოშობისაა და ინგლისურ ქართულ თეატრში, ძველად, ერთ-ერთ კომიკურ პირს ეწოდებოდა. მოგვიანებით, ასე, მეთოთხმეტე საუკუნეში, იმ პიესებშიც შეიპარა დარგობრივად მორალიტე რომ ერქვა. გსიამოვნებს ეს სახელწოდება, გრიგოლ?
კი.
იტალიურია?
- მაგრამ ფრანგული. - აუხსნა შალვამ, - მერწმუნეთ, ძმებო, ბედნიერებას მოგანიჭებთ აი ეს დარგი.
ბედნიერება საადღა არის...
როგორ არ არის, გრიგოლ!
არა, კი არის, როგორ არ არის, მაგრამ ქუჩაში კი არ ყრია.
- ეგ კი, ეგ კი. მაგრამ საერთოდ ხომ მაინც არის, მაგრამ სადღაც მაინც ხომ ხდება...
ერთი საწყალი გლეხი იყო, ისე ღარიბად ცხოვრობდა, შემწვარ-მოხრაკულის სუნი რა არი, ისიც არ იცოდა. აბა იმისი ცოლი და პატარა ქალი რანიღა იქნებოდნენ - ღარიბებივე იყვნენ, წელებზე იდგამდნენ ფეხს. ის პატარა ქალი ისე ჩამოკონკილი დაიარებოდა, მეტსახელად კონკიაჟღარუნა დაარქვეს. გავიდა რამდენიმე ხანი, მოუკვდა იმ კაცს ცოლი, ეხლა უფრო გაჭირვებაში ჩავარდა. ადგა და მეორე ცოლი მოიყვანა.
იმას გერი დახვდა, ძალიან ეწყინა. ის იყო და ის, დედინაცვალი კონკიაჟღარუნას მტრად გადაეკიდა. სულ იმას ცდილობდა, როგორმე იმისი გული მოეკლა. გამოუხვევდა ყოველდღე კალთაში კუტს, გააყოლებდა სხვის ძროხას და თან ასე დააბარებდა: აი ეს ერთი კუტი გქონდეს – ამვლელსაც აჭამე, შენცა ჭამე და შინაც მთელი მოიტანეო. წავიდოდა კონკიაჟღარუნაც და იყო ერთ დაღონებაში. ერთხელაც ესე გულმოკლულთი იჯდა მინდორში და მწარედ სტიროდა. ჩამოიარა ხელმწიფის შვილმა, მოუვიდა თვალში, ჩაუვარდა გულში, შემოისვა ცხენზე, წაიყვანა სრა-სასახლეში და ისეთი ქორწილი ჰქნეს, ისეთი ქორწილი, რომ ქუდები სულ ჭერსა ჰკრეს.
ერთი რამ კარგად უნდა გამიგოთ, - განაგრძო შალვ,
- კლოუნადა, ეს, თავიდათავი – თავისუფლებაა, ლექსიკონშიც წერია რომ, ჭეშმარიტი კლოუნის გამონათქვამები სწორედ იმპროვიზებულად უნდა ფეთქდებოდეს, ხოლო ეს სიტყვა, გრიშა – ჩემო, მოგილოცავ და ისე გეტყვი, იტალიურია – იმპროვვიზარე - და გაუთვალისწინებელს, სახელდახელოს, უეცარს ნიშნავს, ამა სიტყვაში ისე იქნები, როგორც თევზი წყალში, ასეა, აბა, გრიშა, რა უნდა იყოს ამზე კარგი?! - როდესაც ჭრელი ხალხის წინ მხოლოდ საკუთარი ნიჭის ანაბარა რჩები...
„მე რაღაც ჩრდილში გამოვდივარ... - გულდაწყვეტით გაიფიქრა.