შარბათსიზმარი ანუ აფხაზეთს ვიყავ
იმედისფერად ჰყვაოდა ზეცა...
შემომეგება და ჩემს წინაშე
ხასხასა მოლის ხალიჩებს ჰკეცდა.
მთლად ქართველებით გაივსო მიწა,
აფხაზეთს ქართლის სუნი სდიოდა...
ბაზალეთს გვერდით მიუწვა რიწა,
ფსოუც ჭოროხის გვერდით დიოდა.
მეც ერთ აფხაზ ბიჭს ხელი ჩავკიდე,
არ გვწყინდებოდა ერთურთის ცქერა,
და როგორც ღამე დღეს შეეყრება-
ის იყო შავი, მე ვიყავ ქერა...
გულში ვიძვრენდი აფხაზურ ზეცას
და ზღვაში შეჭრილ ოქროსფერ კონცხებს,
მერე ავტირდი ნაცემ ბალღივით
და რასაც შევწვდი ვკოცნე და ვკოცნე.
ქართული სუნი სდიოდა ყველას,
აფხაზურ სახლებს, მზეს და ბალახებს...
ღმერთო მაღალო! შარბათსიზმარი
ოღონდაც ცხადში კვლავ დამანახე!