სტურუა ლია
გაზიარება

ახალი წელი 

თაფლით ეწებებიან ერთმანეთს,
თუ რა ნიშნავს
ეს აღორძინებული სიყვარული?
რომელიც ხვალვე მოვალეობაში გადავა,
ერთი დღე-ღამე უნდა მოითმინო
არამხატვრული ტყუილი, სენტიმენტები,
მჟავე მანდარინი, რომელიც
გარედან ნარინჯისფერია,
ალბათ, ზღვისპირელების სისხლისაგან...
ჩემი ჰავა, _ ისეთი მშრალი,
თითქოს კვერცხისგულების 
დიეტაზე მამყოფებს, _ არ ცნობს
ასეთ ამომხტარ ფერებს,
რა ქნას?
ზამთრის სიხარულს სხვებისგან სესხულობს,
ფუფუნების კანონების მცოდნეებისაგან,
თუმცა, რაღაც თავისიც მოსდევს:
ატლასის ბროწეულები, ვაშლები, რომლებიც
ხეებს კი არ აბია, ბავშვებს ახატიათ ზაფხულობით.
ზაფხული _ აი, ნამდვილი მონატრება,
გინდა, ახალ წელს, გინდა, მერე,
შენელებული მგრძნობიარობის დროს...
იქამდე მიმაღწევინა
და როცა ბალახზე ჩამოვჯდები,
თვალებიდან ხის კენწეროებს
ნუ ამომაცლი, ღმერთო!

??????