«იყიდეთ რამე!»
ისევ თრიალეთის მთებია?
ჯერ კიდევ რბილი ზურგი აქვთ
მშობლების საფლავებივით
თუ უკვე ხიმინჯების
ჩასარჭობად ამზადებენ?
ქუჩა აღარ ყიდის
ძროხის მაწონს, კარტოფილის სიმაძღრეს,
ლეღვის დიაბეტს,
ერთი ყვირილიღა დარჩა:
«ვიბარებ ბოთლებს!»
მკვახე, მაგრამ ყელგამოწეული,
კიდევ _ ჩემი ნაცნობები,
უჩრდილო ასგრადუსიან რუსთაველზე
რომ იხვეწებიან:
_ იყიდეთ ვაჟა-ფშაველას
ციმბირის წყლული!
ვან გოგის მანათობელი ყური,
ენერგოკრიზისის დასაძლევად!
ათას ზაზიაშვილზე ერთი ფიროსმანი,
რომელსაც ჩონჩხები არ უჩხრიალებია
იმის გასაგებად, რომ ყველა ძვალი
ზუსტად იმდენი აქვთ, რამდენიც უნდა ჰქონდეთ,
სამაგიეროდ, ორი თითით იწევდა ყელს,
ლამის თრიალეთის მთებამდე...
ამაზე უკეთესს რას ასწავლიდნენ,
რაც გინდა აკადემიები ეშენებინათ
მისი სულის მისადგომებთან?..