ლანჩავა თეიმურაზ
გაზიარება

*** "რა მიხარია" 

რა მიხარია, გაზაფხული?
რატომაც არა,
იქნებ ბოლოა, ანდა იქნებ
სხვა ფერებს მირჩევს,
ფიქრები ჩემი ოცნებების
კორტოხზე წვანან,
მოიისფერო ჩანჩქერებში
იქნევენ ნიჩბებს.
შემოაძარცვეს ღრუბლის ფთილა
დღეებმა ხევებს,
საცაა მთები სიმწვანისგან
აყმუვლდებიან,
მე შემიძლია მოვუხადო
ბოდიში ხეებს,
ხეებს, რომლებიც აღარასდროს
აყვავდებიან.
რა მიხარია, გაზაფხული?
რატომაც არა,
იქნებ ბოლოა, ანდა იქნებ
სხვა ფერებს მირჩევს,
ფიქრები ჩემი გაზაფხულის
კორტოხზე წვანან
და შემოდგომის ქარტეხილებს
უქნევენ ნიჩბებს.

??????