საჯაია გიორგი
გაზიარება

დეპრესია 

ქარი უმოწყალოდ ნამქერს ალახინებს, 
თებერვლის მიღმა რომ ზამთრის ქალაქია. 
ღამის პროცესია მისდევს ბალდახინებს, 
დღეთა კუბოები მწკრივში ალაგია. 

მზერა უმიზეზო, სუნთქვა ქაოტური, 
პულსი ვეღარ ითვლის გული რასაც ფეთქვას... 
ისე ეტანება სისხლი აორტიდან 
ყელში არტერიებს, ლამის დამიხეთქოს. 

არ ვიცი რომელი რიცხვია რომელ თვის, 
წლებთან ალალბედზე ვაგორებ კამათლებს. 
დროა თვითმკვლელობის! და როგორც ყოველთვის, 
სიცოცხლეს უსუსურ მიზეზით ვამართლებ. 

სრული სიგიჟეა წასვლა უნაბიჯოდ! 
და არის დარჩენა, ჩქარი ნაბიჯებით, 
კიდევ არჩევანი და უნდა გავმიჯნოთ 
ყოფნა არყოფნისგან, მაგრამ... დამიჯერე, 

არ არის საშველი! და ბოლოს დარჩება 
ამაოდ დაღვრილი ცრემლი - გალონებით - 
და ან გადავრჩებით ან ვერ გადავრჩებით 
არაამქვეყნიურ რაღაც კანონებით, 

თუ ბედი ბედია! დაორთქლილ ფანჯრებზე 
დახატე მაცხოვრის ფერმკრთალი პროფილი 
და მუქშინდისფერად შეღებე მაჯებით 
ზეცა, ულამაზო და უარყოფილი! 

და ქარი... ქარი კი, ნამქერს ალახინებს 
თებერვლის მიღმა რომ ზამთრის ქალაქია. 
ღამის პროცესია მისდევს ბალდახინებს, 
დღეთა კუბოები მწკრივში ალაგია. 

??????