კუხიანიძე ზურაბ
გაზიარება

დედა 

ბიბინა მოლი და ეზო წყნარი,
კუდაპრეხილი ცუგრია ძაღლი,
მერცხლის ბუდე და ჭრიალა კარი...
მე ასე მახსოვს ბაბუას სახლი.

ელვარე თმები, ვით მწიფე წაბლი
და ჩუმი, როგორც ფიქრი და სევდა,
მკრთალი თითები_სანთლები თაფლის_
მე ასე მახსოვს მშობელი დედა.

მის ღაწვზე ობლად მბრწყინავი ცრემლი
თუ რას ნიშნავდა,
ვერ ვგრძნობდი იმ დროს...
არ მაგონდება თვალების ფერი,
მე მახსოვს მისი თვალების სითბო.

ეზოში სახლი, დუმილი მკაცრი,
ფანჯრებს ჩამოხსნეს ფარდები თეთრი...
მეფერებოდა ქალი თუ კაცი,_
მე ასე მახსოვს სიკვდილი დედის.

შემდეგ დედულეთს წავედი სოფლად,
თველებს დროებით შეაშრა ცრემლი
და სოფლის ალალ ბიჭებთან ყოფნამ
გადამავიწყა ობლობა ჩემი.

როცა დავბრუნდი წვივდანაკაწრი
და ჩემს ეზოში მინდოდა ლხენა_
ფინიას ნაცვლად დამხვდა ნაგაზი,
რომელმაც ავად დამიწყო ღრენა.

სახლში ყველაფერს შევავლე თვალი,
ყველა დამიხვდა იქ, დედის გარდა...
სარკმელთან იდგა უცნობი ქალი
და ზედ ჰკიდებდა თოვლისფერ ფარდას.

თუმცა თვალებში არ ჰქონდა ზიზღი,
მაგრამ ვერ შევძელ მე დაძვრა ენის...
ბებომ თქვა :იყავ დამჯერე მისი;
მამამ თქვა: დედა არისო შენი.

დედას სათუთი თითები ჰქონდა
და იყო ჩუმი, ვით ჩიტი ღამით...
მე მისი უბის სითბო მახსოვდა
და ვერ ვიწამე სიტყვები მამის...

ეს იყო მხოლოდ გუშინწინ თითქოს
და თავი ახლაც ბავშვი მგონია...
მას შემდეგ ვეძებ დაკარგულ სითბოს
და იგი ვერსად ვერ მიპოვნია.

??????