სადღობელაშვილი ნინო
გაზიარება

ოქროს საათი 

პირით მზისკენ და
გულით მიწაში-
დრო ჩართულია.
მომაქვს მინდვრების
სიზმრის ზედაშე,
ყველანი წავლენ
ხვალ დავრჩებით მარტო მე და შენ-
დრო ჩართულია.
წამიდან წამში,
დაფიფქული ჩიტების თვალში 
იბადება ყოველი ბავშვი..
მე ამ თოვაში ჩემსას მოველი,
ჩემი ძუძუდან ცრემლის მწოველი
მოუშვით, მოდის-
დრო ჩართულია.
ვინა ხარ ახლა,
ან ეგ ჩრდილი საიდან გახლავს,
შენია დღე
და სიმშვიდის თაკარა მზემ
მიმაჩვია შენს ჩრდილში დაღლას,
დრო ჩართულია.
მამაჩვენს ღია დარჩა კარები,
სიკვდილი ნაბდით მოიპარება,
აგეფარები, მაგრამ საითკენ
უკან თუ წინ?..
არა ხარ შინ..
ფოთლები სცვივა შენს უკარებას,
ლამის სამყარო შეძრან ქარებმა-
დრო ჩართულია.
დაბადებიდან მტკივა მაჯები,
ეს გამოხსნილი სისხლის ფანჯრები,
ჩაფრენილია ვიღაცის ხელი,
შემოჭვრეტილი თვალები მწველი,
და ბორკილივით მადევს საათი,
თვითონ მიდის და მიმასლაათობს,
და მე უგონოდ შენ გეაჯები-
მტკივა მაჯები..
მტკივა მაჯები..
დრო არ მაქვს ლოცვის,
დრო ჩართულია.
მთვარეს ცრემლივით მოწყდა საყდარი
“არც მიწისაა არც ცისა..”
ბეღურის ჰაერი ყელში გადაცდა
ბარში დაშვებულ არწივსა..
ვისი აკვანია საყდარი?
ვისი მზე ჩაწვება შიგ?
გულის ქვევრს სიჩუმე ავხადოთ
ვიმღეროთ სადაც თოვს, იქ!
ბგერა მინდვრისა და
ენა-ქართულია,
დროს ნუღარ შეხედავ
დრო ჩართულია.

??????