სადღობელაშვილი ნინო
გაზიარება

ქვა 

დედა, გახსოვს
ბავშვობაში ფუნჯით რომ ვჯღაბნიდი,
ერთხელ, გავარვარებული თითებით
ახალი ნახატი მოგირბენინე,
თვალებში ღამურასავით შეგაფრინდი და
განაჩენს ველოდი..
შენ ცოტახანს ატრიალე ნახატი,
მერე ცხვირზე ცხვირი წამარტყი და
თქვი:
“რა კარგი ქვაა!”..
დედა, მე იმ სურათს
მთელი ღამე ვხატავდი,
ფანჯარა ღია იყო და
ცას ისეთი სუნი ასდიოდა,
ხერხემალი ხიჭვივით ამომართვა ხორციდან..
ვაგებდი ფერებს,
დავითხვარე მათ უთავბოლობაში,
კანქვეშ ატანდა ლურჯის და თეთრის 
უეცარი შეელვარება!
თითზე სისხლის ჭიამაია
გავუზავე ნარინჯის სითხეს და
ნახატზე გამთენიის ცვარი დაეშვა..
დედა,
მთელი ღამე
ჩუხჩუხებდნენ ვარსკვლავები,
ოთახში ოქროს კენჭებივით ცვიოდნენ,
მესმოდა ჩიტის ხმაც,
ან იქნებ სულაც ბავშვი იყო,
ჩემსავით ღია სარკმელში გადმომდგარი 
და, ყვავილივით ფაქიზი შიშისგან,
მარტო რომ იყო, მღეროდა..
ჩემს ნახატზე
იმ ჩიტის ხმაც დავდე
დედა, არ ჩანდა?..
წამით, ქედების გადაღმა იელვა.
თვალი წავკარი და,
როგორც შენ შეგასწარი ერთხელ
ფარდის უკან ატირებულს,
ისეთი მეჩვენა ქედების გადაღმა მხარეც..
იდგა და ცრემლებს იწმენდდა..
იმ ცრემლების სიხარულიც
ვარდისფერში შემღვრეული,
ნახატში ჩავდე.
მთელი ღამე ვხატავდი
ყველაფერი დანარჩენისთვის ყრუ,
ყველაფერი დანარჩენისთვის ბრმა,
ყველაფერი დანარჩენისთვის მუნჯი
და, გარკვევით ვგრძნობდი
როგორ ამოდიოდა ძვლებშორის
ჯერარნახული მზე-სიყვარული..
გამთენიისას ჩამეძინა და
ნახატიც გაშრა.
დედა, 
რა გუმანით იგრძენი,
ქვად რომ იქცეოდა!..
დედა, რისი შეგეშინდა
თვალები რომ დამიმალე..
მთელი ღამე გულს ვხატავდი.
დედა, გული ქვისგან
რატომ არ გაარჩიე?..

??????