სადღობელაშვილი ნინო
გაზიარება

გოდერძი ჩოხელს 

იებს რაღას ერჩოდი, 
შუაზამთარში რომ წამოჰყარე 
მიწის ქვეშაგებიდან და 
ანგელოზებამდე ფეხქვეშ გაიფინე? 
იებთან რაღა გინდოდა? 
ან დედაშენს რაღას მიეტირებოდი, 
ცალ ფეხზე რომ გიჟივით ჩაეჭიდე და 
საშენო სული აქეთ დაუტყვევე, 
ცალი ფეხით სამარეში ჩამდგარს?.. 
მზე ვიღასი ცრემლიდან გადმოვა ხვალე? 
ან სიკვდილი თავის ფერს როდისღა დაიბრუნებს, 
შენი სიცოცხლენაყლაპი?.. 
ღრუბელი მქვია, მაგრამ რაღა ღრუბელი ვარ, 
ამოხვედი და შენ უფრო გიხდება ღრუბლობა. 
ბალახი ვარ, მაგრამ 
ისეთს რას ვიბალახებ, 
შენ როგორც მიწიდან იღიმი... 
ძნელი იყო ამ წუთისოფლის სტუმრობა? 
სავსე სუფრასთან მიგირქვა, მაგრამ 
არც კი ჩამოგაჯინა... 
მოვიდა შავი არაგვიც და 
გაიშლის ცოტახნით თმას, 
მგელი მოჰყვება მოზარედ. 
ლექსებს ტოტებქვეშ შეიკეცავს და 
მზის სხივით შეიკრავს 
შენი მიდამოს მოცხარი... 
შემოგხვდნენ უკვე ჩვენები, 
ჩაგაცვეს უსიტყვო სინათლე? 
ვარსკვლავებს საით შეუბერავ სულს რომ 
ცოტა მეც დავიმტვერო, 
ღამეში ვაჩინო გულთეთრა შვილები?.. 
ვისი ბაღებით მოხვალ გაზაფხულზე, 
მღვრიე სიმღერებად ვის აუტირდები? 
გინდოდა, შვილების ქორწილში დევი დაგესვა თამადად, 
ნურავის გაუკვირდება! 
დღესაც, განა ვტირი, ქორწილია, 
ხანდახან თავდაყირაც ხოა სამყარო! 
მიწა შენი ჩოხაა და ქამარ-ხანჯალია, 
შენი დარდებია მაყარი! 
ქორწილია, მაგრამ არ დამტოვო, 
ქორწილია, მაგრამ ჩემკენ მაინც გქონდეს თვალ-ყური, 
გასახეთქი გული ჩიტივით დამაქვს, 
შენამდე ამდის ალმური...

??????