მკვდრების სიმღერა
როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს,
როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!
როცა სამართალი ხელთ მახვილს დაიჭერს,
როდესაც ახლები შურისგებით გაძღებიან
და სახრჩობელებიდან გვამებს ჩამოხსნიან,
საფლავებს გათხრიან, ლოდებს გადაყრიან,
ამოაშიშვლებენ, ამოატიტვლებენ
და მკვდრებს, როგორც ცოცხლებს, ისე გალახავენ,
რომ ხსენდეს ის დღე საუკუნეებში
ვით ”მკვდრების გალახვა”...
როცა ყველაფერზე, რაც იმ დღეს მოხდება,
ძეგლი აიგება თუ სახლი დაინგრევა,
წვიმა მოვა თუ მიწისძვრა იქნება,
ბატკანი გაჩნდება თუ ყრმა დაიბადება,
იტყვიან დანანებით თუ თავისმართლებით --
”ეს იყო მკვდრების გალახვის დღესაო”.
მანამდის კი, მანამდის, ვიდრე მიწაში ვართ
და ვისვენებთ ყოველივე ზედმეტობისაგან,
რითაც რომ სიცოცხლე აღჭურავს ადამიანს,
ქალი -- ქალობისგან,
კაცი -- კაცობისგან,
ღარიბი -- ძონძთაგან,
მდიდარი -- ფულისგან,
მეძავი -- სიძვისგან,
პოეტი -- ლექსისგან და სხვა ანცობისგან...
მანამდის,
ვიდრე ძალა შესწევთ ჩვენს ლანდებს,
გაფრთხილებთ:
არავინ მოგატყუოთ, არავის დაუჯეროთ,
არ გადაახვნევინოთ ჩვენი საფლავები,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!
და უფრო მეტიც...
რომ ირწმუნოთ ჩვენი ნათქვამი,
რომ ღირსებაც ვიცოდით და თავის დაცინვაც,
რომ გვექეიფა ამაოებაზე და რომ გვეხალისა,
თუმცა კი ჩვენში არ ერია ერცერთი მართალი,
ბნელში და შიმშილში, შიშში, მონობაში,
ჩვენ მაინც ვმღეროდით:
ეს ცხოვრება არაა იმათთვის, ვისაც ეჩქარება,
ეს ცხოვრებაა იმათთვის, ვისაც აგვიანდება,
ვინც შეიყოლია დარდმა და მწუხარებამ,
ვინც საწოლიდან ამდგარ ცოლს თვალი გააყოლა,
ვინც ყოყმანით დაიწყო დილა,
ვინც დაბადებითვე შეყოვნებულია,
ვინც ლოგინში ოცნებას არჩევს წვირიან ცხოვრებას,
ვინც ღმერთისთვის ბევრი ილოცა და უჭირს პირველი ნაბიჯის გადადგმა,
ვინც დაკარგულია ”ჰო”-ში და ”არა”-ში,
ვინც აფასებს წვრილმან რამეებს,
რადგან მსხვილმანი -- დაბადება და სიკვდილია
და არც ერთი ჩვენ არ გვეკუთვნის,
ვინც იცის, რომ, რასაც აჰყვები, იმად იქცევი,
რომ, ვინც მსუბუქად ეწევა უღელს, ის უხმოდ კვდება მოხრეშილ გზაზე,
ვინც იცის, რომ სიხარული უბოროტოდ როდი არსებობს,
იმისი მოსვლით მუდამ რაღაც დაივიწყება,
ვინც იცის, რომ ნიჭიერი მილიონჯერ უღალატებს ხოლმე თავის თავს,
უნიჭო კი ერთხელაც არა,
რომ, ვინც არ აფრენს, ის სხვა რამით ზღავს,
ვინც ზიზღის რუკას სიფრთხილით ადგენს, რომ სიყვარულს არ დაამთხვიოს,
ვინც იცის, რა ბოროტებაა, გაღვიძებისთანავე შეუბჯინო ცხოვრებას თვალი,
ვინც იცის, რომ მთავარი სიტყვები უკვე წარმოითქვა
და ახლა საჭიროა მათგან დროზე გაცლა,
ვინც იცის -- ადამიანს ისიც შთააგონებს,
რომ შეუძლია რაღაც შებილწოს,
რომ, უმჯობესია ერთი ნაკლი სრულყო,
ვიდრე მოედო ათას სიქველეს,
რომ, ვინც დალია საწამლავი, თაფლი უკვე ვეღარ უშველის,
რომ მოძულეებს ხიდი არასდროს არ ჩაუტყდებათ,
რომ გაქცეულ ცოლს მზითვით უკან არავინ მისდევს,
რომ სილამაზე არსებობს იმიტომ,
შეუმჩნეველი რომ იყოს ბრმებისთვის,
რომ ყველაზე საშინელი გასახსენებელია
სიყვარულის დრო,
რომ ჯეჯილი მოსავალზე მეტი არის, იმედი -- პურზე,
რომ განსაკუთრებით სახიფათონია
ღვთისმოსავები და პატრიოტები
და მორალისტის ერთადერთი თავშესაფარიც -- უზნეობაა,
რომ ხალხმა მარტი პირჯვრისწერა ისწავლა ქრისტესგან,
სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა,
ხელი კი არ დაუცალეს, როგორც წვიმას ხელს უცლის ბავშვი,
რომ სიძულვილის გრძნობა ქონება არაა,
მაგრამ სულ უგრძნობლობას მაინც სჯობია,
რომ კაცი მაშინ მღერის ცხოვრებაზე, როცა მასში განსაქონლდება ეშმაკი,
რომ, როგორც კი ტყუილის თქმა მომინდება,
ვგრძნობ, როგორ მიბრუნდება სიცოცხლის ხალისი,
რომ სისულელეა ადამიანებს შენზე რომ უამბობ,
ადამიანებს უნდა მოუყვე მათზე,
რომ, განა ი მ ა ს უფრო მეტი მიზეზი ჰქონდა
ვიდრე მე მაქვს -- გაჯავრებისა?
მე ამათში ჩარჩენილი ვარ, ის კი წავიდა,
რომ ადამიანი ფასობს ცდუნებებით,
რომ ”მე ვტყუი, ესე იგი - ვარსებობ”
და ასე შემდეგ.
ვინც იცის, რომ საპნის ბუშტით ვერ აფრინდები,
იმით მხოლოდ შეიძლება ძირს დაენარცხო --
ქვემოთდახრილ ქუთუთოთა გაკვირვებაში,
ვინც იხუმრა, რომ ორი რამ -- ფული და სული
არავის არ უნდა გაანდო,
ვინც სიკვდილის წინ დაიბარა --
”მეძიეთ მე დაკარგულ საგნებში”,
ვინც იცის, თუ რაზე იოცნებოს: განვითარება და ბუნებრივი კლება
(თითქოს ჭკნობა ყვავილობაში),
როცა სულიცა და სხეულიც ერთად ჩაიწვება,
ვინც იცის, რომ ცხოვრება წაგებულია დავიწყებულ სიზარმაცეებში,
რომ, საქმე და თამაში ის ორი სარკეა,
სადაც ადამიანს თავის სახის ხილვა შეუძლია
და, რომ განუწყვეტელ გადანაცვლებებში
ეს ორი სარკე ერთმანეთს ერწყმის,
ვინც იცის, რომ, თუკი გელოლიავებიან,
ესე იგი რაღაცაზე თვალსა ხუჭავენ,
ვინც იცის, რომ, თუ არ შეეგუები სიბრძნისათვის წაყრუებას და
სილამაზისთვის თითებშორის ცქერას,
ისინი გაგსრესენ,
ვინც არ დაკარგა გულუბრყვილობა, რომ გაიკვირვოს მეათასეჯერ --
რატომ არის ეს ცხოვრება ყოველ წამში ასე ახალი,
როდესაც ასე ძველია და გაცვეთილი,
ვინც იცის, კაცს ეჭვი რომ არ გაუმართლდება,
სიყვარული უნდა დადოს იმის ადგილას,
ვინც იცის, რომ ბრძენი არ დაიცავს თავის სიმართლეს,
ბრძენი ელოდება ბრმა შემთხვევას, როდესაც მას დაუჯერებენ,
ვინც იცის, რომ საქართველოში
გიჟიც კი არ არის თანმიმდევრული,
რომ ჯვარი, რომელსაც მიაყუდებ, არ არის ჯვარი,
ჯვარი ის არის, სულ რომელიც უნდა ატარო
და ასე შემდეგ.
ეს ცხოვრება არაა იმათთვის, ვისაც ეჩქარება,
ვინც ცოლს გაუღრინა - ჩაიცვი, წავიდეთ!..
ეს ცხოვრებაა იმათთვის,
ვინც მრავალწლის ფიქრით შეიგნო,
რომ ადამიანი ფასობს ცდუნებებით,
რომ საბოლოოს დარწმუნებულები მიწაში წვანან.
ასე ვიცხოვრეთ ჩვენ საქართველოში,
ხან ჯოჯოხეთად რომ ვსახავდით და ხან ლურჯ ქედებად
და თუმცა საჯდომებით სკამებზე ვემაგრეთ,
აზრები მაინც მიმოგვდიოდა
და წვერს ვიპარსავდით რადიოჰანგებზე,
საკუთარი სიმღერა კი საფლავში მიგვქონდა,
და
როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს,
როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით,
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!