გრანელი ტერენტი
გაზიარება

ჩემი დღიური 

დღიურები

1 თებერვალი

ისევ პირველი თებერვლის მზიანი დღეა, ზამთარი ნელა მიდის, ჩემი სურვილები ბერდებიან. ქვეყანა სავსეა მზის სხივებით; ახლა ვზივარ სასახლის ბაღში და ვიგონებ იმ გედს, რომელიც ამასწინათ გარდაიცვალა, როგორც ძვირფასი ქალი. მზე ვერ ათბობს ჩემს სხეულს. მზე თითქოს გულია ზეცის.

დავტოვე სასახლის ბაღი. ავედი ფუნიკულიორის მთაზე, თბილისი გახვეულია კვამლში, მზეზე ელვარებენ გუმბათები, ძლივს მოსჩანს რადიოს ბოძი. ობლად დგას ირას სახლი. ქალაქი გაჩუმებულია, თითქოს ადამიანები გაქრნენ და დგანან ცარიელი სახლები.

2 თებერვალი

გათენდა. თოვს. მივდივარ შუა ქალაქისაკენ. ვხვდები ვარლამ რუხაძეს. ვარ თოვლით შემოსილი. დღეს ვნანობ გუშინდელ შემთხვევების გამო. შევდივარ სასახლის სამკითხველოში, დიასამიძის ქალს ვუტოვებ ერთ ლექსს... საღამოს უიმედო ვბრუნდები ოთახში; ახლა აქ ვზივარ, ღამეა და გული ჩემი დაფარულია შორეულ მოგონებებით. ახლა არ თოვს, თუმცა გათეთრებულია მიწა. ზაქარია იგინება უმოწყალოდ. მე გაჩუმებული ვარ, როგორც მიცვალებული...

3 თებერვალი

მთელი დღე წვიმდა. მე დავდიოდი ქუჩაში და ვეძებდი თავშესაფარს. დაღამდა. ახლა თოვლიანი ღამეა და ეზოდან ვგრძნობ საშინელ მდუმარებას. ახლა მინდა ჩემს ოთახში უკრავდნენ როიალს, მოვიდეს ვინმე ქალი და მომეფეროს, თმებზე გადამისვას მკრთალი ხელები.

ახლა, როდესაც თოვლით იმოსება მთელი ქალაქი, მე ვზივარ სრულიად მარტო და გულში ცეცხლი მიჩნდება, მწყურია სივრცე და გასაქანი...

4 თებერვალი

დღესაც თოვს, ვტოვებ ოთახს დილაადრიან, ცოტახნის ხეტიალის შემდეგ ვჩერდები ალექსანდროვის ბაღთან, ვიხედები ირგვლივ, ბაღი გავს უდაბნოს; გარშემო დგანან თოვლით დახონხილი ხეები, ქუჩაში მიდიან ქალები...

მთელი ქალაქი სავსეა თოვლით. ყველაფერი გადასხვაფერდა უცებ. შევდივარ სახელგამში. ნიკოლო მიწიშვილთან ზიან სანდრო აბაშელი და ტიციან ტაბიძე. აქედან მივდივარ ხელოვანთა სასახლეში.

საღამომდე კიდევ დიდი ხანია და მე არ ვიცი, საით წავიდე...

5 თებერვალი

კვირა დღეა, მივდივარ სიონში. არ თოვს. ვუსმენ ქართულ გალობას და ვიგონებ საქართველოს, როგორც უხილავს. იქიდან მივიწევ დიდუბისაკენ. ნელა თოვს. შევდივარ პანთეონში, პირველად ვნახულობ ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავს. ვკითხულობ ასეთ წარწერას: "ქართველი ერი არ დაივიწყებს შენს უკვდავ სახელს”. ცოტა ხნის დაფიქრების შემდეგ ვინახულე ვაჟას ობოლი სამარე. ღრუბლიანი ზეცა და თოვლიანი დედამიწა ორივე თეთრია, მხოლოდ სითეთრეა გარშემო და დუმილი.

6 თებერვალი

ორშაბათი უფრო აღმართია; ადრე ვდგები, მზიანი დღეა, შევდივარ კათოლიკების საყდარში, ვუსმენ ფისგარმონიას და ჩემს წინ იხსნება უფსკრული, საიდანაც მოსჩანს მარადისობის შავი ყვავილები. თავდება წირვა. გავდივარ ქუჩაში, ვხვდები ჩემს მეგობარს... ვსაუბრობთ თოვლზე, გრძელ ღამეებზე, შორეულ ქალზე.


9 თებერვალი


დილა არის, ნელა მივდივარ საბურთალოსკენ, და გზაზე დაფრინავენ ყვავები; მზე ოდნავ მოსჩანს ღრუბლებიდან. თბილისი წევს, როგორც მორიელი. იქიდან ვბრუნდები, შევდივარ ამერიკულ სასადილოში, ვხვდები მეგობარ აკაკი ანდრიაშვილს; ვსაუბრობთ დროგამოშვებით, უფრო დუმილია ჩვენს შორის და გაგება. უკვე დაღამდა, ახლა სადღაც მატარებელი შორდება სადგურს, ვიღაც დაღონებული ადამიანი დარჩა. კივის ორთქლმავალი, ახლა სადღაც შორს კრთიან უზრუნველი ქალები. მე ვზივარ პატარა ოთახში, მივჩერებივარ გარინდებულ კედელს. ვიღიმები და ვამაყობ: ტერენტი გრანელი.

11 თებერვალი

მზიანი შაბათის თბილი დღეა, თითქოს გაზაფხულია. დავდივარ ალექსანდროვის ბაღში და ვფიქრობ. თოვლი დნება გზებზე. სულ მინდა ვიარო, სანამ არ დავიღლები და სანამ არ დავეცემი. გაზაფხულია. მხოლოდ არ ჩანან ფოთლები. ბაღში შემოდის გერონტი ქიქოძე და ხარიტონ ვარდოშვილი. მე და გერონტი ქიქოძე ვსაუბრობთ ლირიკაზე და განვლილ დღეებზე. ქუჩიდან მოგვესმა მუსიკის სამგლოვიარო ჰიმნი. ეს დღე სიზმარივით მიდის. დაღამდა, მე ვბრუნდები ოთახში. გავიარე მადათოვი. მტკვარი ღამიდან ნისლივით მოსჩანს. ცაზე ვარსკვლავები ანათებენ, მთვარე დამალულია, ღამეა და მინდა გათენებამდე ვიარო...

13 თებერვალი

გაქრა დღევანდელი ორშაბათი. მე მთელი დღე ვწუხდი; დაღამდა, დავტოვე საღამოს კვამლიანი ქუჩები, ახლა ოთახში ვზივარ და შორიდან მესმის ტრამვაის ძახილი. ახლა ვიგონებ ნინო გარსიაშვილს, იმ ჭლექიან ქალს, რომელსაც თანდათან უახლოვდება სიკვდილის საშინელი ლანდი. თანაც ვიგონებ იმ მზიანს და უზრუნველ დღეს, როდესაც მე პირველად მივდიოდი კახეთში.

ახლა ღამეა და მე არ ვიცი, რა ვქნა, მინდა ისევ ხეტიალი, მაგრამ არ შემიძლია, უკვე დაღლილი ვარ, საშინლად დაღლილი.

14 თებერვალი

საღამოს, დაბრუნებისას, ვნახე, ცაზე დაფრინავდნენ უამრავი ყვავები. თითქოს გაზაფხულის საღამოა. შევდივართ ოთახში, აქ სიჩუმეა; არ ვიცი, საიდან ისმის შორიდან როიალის დატეხილი ხმები. მგონია უკრავენ "თაო ჩემოს''. ახლა ვიგონებ ქალს, რომელიც ერთხელ ნახვის შემდეგ დაიკარგა. და დარჩა ლანდი შორეულ მოგონების.

ღამეა, მწყურია ძილი და მოსვენება...

15 თებერვალი

დილიდან ღრუბლიანია ზეცა, მივდივარ ხელოვანთა სასახლეში, ვესაუბრები ვარლამ რუხაძეს რაღაც უხილავზე.

გადის დრო. ქუჩაში ვხვდები ნიკო მაკალათიას, ჩემს ძვირფას მეგობარს. იგი მირჩევს, მოვშორდე თბილისს დროებით.

ცაზე ისევ ღრუბელია და სუფევს უიმედობა.

ვერევი ხალხში, ვიღაც მიცქერის დაჟინებით, მიცნობს ყველა. ავდივარ კოჯორის მთაზე. ზევიდან დავცქერი მთელ თბილისს და მიხარია. გარშემო დუმილია და უამინდობა; ვჯდები კლდეზე, ვხედავ ბოტანიკურ ბაღს. მიდის პატარა ღელე და მახლობლად დგანან კვიპაროსები.

საღამოს დაიწყო წვიმა, მე დავსველდი. ახლაც წვიმს და ქარია...

18 თებერვალი

გათენდა დღე შაბათის, ისევ ყინავს; მე ადრე გავემგზვრე მამადავითისაკენ, შევედი ეკლესიაში და ჩუმად წარმოვსთქვი: "ღმერთო! მიშველე და შემეწიე''. შემდეგ დავრეკე ზარები. შემხვდა ვიღაც ლამაზი ქალი და გამომეცნაურა. ვნახე აკაკის და ილიას საფლავი.

ხანგრძლივი მწუხარების შემდეგ ისევ დავეშვი დაბლა და დიდხანს დავდიოდი ნიკოლოზის სასაფლაოზე.

შორიდან მიმზერდა ოთხი ადამიანი. და მე ვფიქრობდი ცისფერ სიშორეზე.

19 თებერვალი

დილიდან ცას ფარავდა შავი ღრუბლები. ცხრა საათზე ცა გაიწმინდა ღრუბლებისაგან. დადგა მზიანი დღე, ოდნავ ქრის ქარი; მე წავედი ორთაჭალის ბაღში, ახლოს დავინახე ის ციხე, სადაც მე ვიყავი დამწყვდეული. მიხარია, რომ თავისუფალი ვუმზერ სატუსაღოს. ვზივარ ერთ პატარა ჯირკვზე და ვწერ ლექსს.

ირგვლივ ბაღი არის, აგრეთვე ყანა, დგანან ჩალის ღერები და კვიპაროსები.

ამ ეზოში არის ბავშვთა სახლი, ჩემთან მოდიან თეთრად შემოსილი მოსამსახურე ქალები, მთხოვენ ლექსს, მე უარს ვეუბნები. მესმის როიალის ხმა და ვგრძნობ საშინელ სინანულს.

შორს დაფრინავენ ყვავები. იქიდან ავდივარ ავლაბარში პეტრე-პავლეს სასაფლაოზე და ვკითხულობ წარწერებს. აგერ მარხია ვიღაც ამილახვარი.

ვბრუნდები საღამოს და შევდივარ ანიკო ღვინიაშვილთან. ვსაუბრობ საკუთარ თავზე და ღამდება...


20 თებერვალი

დილას დაიწყო თოვა. მე მივდივარ კუკიის სასალაოზე, ვნახულობ პოეტ გობრონ აგარელის მეგობარი ქალის კლავდია ზელინსკაიას საფლავს. იგი დამარხულია განმარტოებით და მის გარშემო სუფევს საშინელი მდუმარება. მე დიდხანს ვუმზერდი კლავდიას საფლავს. ასე მეგონა, თითქოს იგი აღსდგა საფლავიდან და თვალწინ დამიდგა მისი დაღონებული სახე.

შემეშინდა, დავტოვე საფლავი და წამოვედი. შევდივარ სახელგამში, დგანან ფუტურისტები და ლაყბობენ. შევხვდი ვასილ ბარნოვს, ტიციან ტაბიძეს და ვალერიან გაფრინდაშვილს, ვსაუბრობთ, ”არიფიონზე”.

ახლა არ თოვს, უკვე გამოიდარა და მე გავდივარ ქუჩაში...

21 თებერვალი

წუხელ მთელი ღამე თოვდა, გათენდა თოვლიანი დღე, თანაც ნისლია, თოვლი და ნისლი ტოვებს მთვარიანი ღამის შთაბეჭდილებას. დილა არის და მგონია ღამე. მივდივარ თოვლში, მიმაქვს მარადიული მწუხარებით შეპყრობილი გული. ისევ თოვს, თოვლში და ნისლში დაფრინავენ ყვავები.

შემთხევით ვხვდები ჩემს მეგობარს იაშა ნიკოლაძეს.

ჩვენ ვსაუბრობთ და ნელა თოვს.

თოვლიანია დღე, მწუხარეა მოგონების წამი. ასე თავდება თოვლიანი დილის აგონია...

23 თებერვალი

თოვლიანი და მზიანი დღეა, მე ვზივარ ალექსანდროვის ბაღში. ქალაქში დროგამოშვებით ისმის სროლის ხმა. ცაზე ყვავილივით კიდია ღრუბლის ნაჭრები. ჭადრის ტოტზე ზის ყვავი და ჩხავის.

თვალწინ მიდგას ქაშუეთის ეკლესია. ახლა ოდნავ ქარია და თოვლით დაფარულია მთები. რუსთაველის გამზირზე სიმღერით მიდიან ჯარისკაცები. დროგამოშვებით ტოტებიდან ძირს ჩამოდის თოვლი; მე ვზივარ მოწყენილი და ვფიქრობ: მოვშორდე თბილისს და წავიდე სოხუმში.

24 თებერვალი


დღესაც ნელა თოვს, მზე დამალულია ღრუბლებში; მე ადრე ვდგები და მივდივარ ქალაქში, ირგვლივ თეთრი ფერია მხოლოდ. ვუმზერ თოვლიან ქვეყანას.

შუადღისას შევდივარ ჩემ მეგობართან და ვსაუბრობთ პოეზიაზე. გარეთ ნელა მოდის თოვლი.

თოვლიანი დღეა და მინდა იყოს გასვენება, მინდა მივყვებოდე ცხედარს. ან ვიყო სადმე შორს, უცხო ქალაქში და მენატრებოდეს თბილისის ნახვა. მე ახლა ვზივარ ოთახში და ვწერ, გარეთ თოვლია და მდუმარება...

26 თებერვალი

დილით მივდივარ სიონში, ვუმზერ ჯვარზე გაკრულ ქრისტეს სურათს და ვდგავარ გარინდებული. ვტოვებ ეკლესიას, თანაც ნელა თოვს. გზაში ვხვდები პროცესიას, მიასვენებენ შურა ხოშტარიას ქალს, მივყვები ცხედარს თოვლში და სულში სუფევს მდუმარება. კუბო ქანაობს და მიდის წინ. უკრავენ შოპენს, ფლეიტას კივილი უფრო გულის წამღებია. გზაში ორი ცხედარი ხვდება ერთმანეთს. მე დავინახე ჩიტები. ნელა მივდივართ და შრიალებს თოვლი. ოთახში ვბრუნდები ოთხ საათზე ძლიერ დაღლილი.

28 თებერვალი

განთიადიდან იწყებს თოვას. გავდივარ ქუჩაში. ადამიანები თოვლში დადიან, როგორც ლანდები. მეც ბავშვივით მიხარია თოვლში სიარული. მივდივარ ბაღისაკენ, ბაღში ყრია ბევრი თოვლი, დგანან თოვლისაგან ტოტებგადახრილი კვიპაროსები.

ახლა ვარ ოთახში, გარეთ ისევ თოვს და მაქვს სურვილი ვცხოვრობდე ზეცაში და ციდან ვუგზავნიდე ლექსებს მიწაზე მობინადრე ხალხს.

29 თებერვალი

წუხელ მოვიდა დიდი თოვლი. წუხელ აივნიდან მესმოდა რაღაც ჩურჩული, თითქოს გარედან მეძახოდა ვიღაც. გათენდა, ნელა თოვს, ძაღლები თამაშობენ თოვლში. დღეს ბევრი ვიარე, ახლა დავბრუნდი ოთახში. ახლა სადღაც ვიღაცას გული უწუხს, მე ვზივარ და მწუხარე სახით ვუმზერ ფანჯარას. გარეთ დიდი თოვლია.

1 მარტი

დილის ცხრა საათზე შევდივარ ეკლესიაში და ვკოცნი ქრისტეს სისხლიან სხეულის სურათს. ოდნავ ქრის ქარი, მე ისევ მიხარია სიცოცხლე და ჟრუანტელი მივლის.

თოვლში სხედან ჩიტები; მთიდან ქარიშხალი ნამქერს აყრის მამადავითის საყდარს. ფანჯრიდან მიცქერის ვიღაც ბავშვი. აივანზე კიდია თეთრეულები. ოთახში ვბრუნდები, გზაში მომესმის ყვავის ჩხავილი. ახლა ვწერ და მწუხარება მიპყრობს.

3 მარტი

როგორც გუშინ, ისე დღესაც დაქრის ძლიერი ქარი, თან მზიანი დღეა; მივდივარ ხელოვანთა სასახლეში. თოვლი დნება, სახურავიდან ცივი წყლის წვეთი დამეცა თავზე; გზაში ფანჯრიდან ვხედავ, ვიღაც უცნობი ქალი უკრავს როიალს. მივედი. ვარლამ რუხაძე გართულია საქმეში, რაღაცას ანგარიშობს.

სასახლის ბაღის ნაძვის ტოტზე დარჩენილია გუშინდელი თოვლი.

ახლა ცისფერ ცაზე მიდის თეთრი მთვარე. მე ახლა ვსდუმვარ და მენატრება გაზაფხულის თბილი ამინდები.

ხვალ იხსნება საქართველოს მწერალთა კონფერენცია, მე არ მინდა დავესწრო.

გალაკტიონი ისევ სოფელშია...

4 მარტი

კვირა დღეა, ოთახიდან გავდივარ გვიან და სივრცით ვგრძნობ გაზაფხულის მოახლოებას. შევდივარ სიონში, მესმის ქართული გალობა. დრო გადის, ვხვდები დათიკო კობიძეს; დავდივართ ნიკოლოზის სასაფლაოზე, საფლავებს თოვლი ფარავს. გადის დრო, ვშორდები მეგობარს. ვარ ბაზარში და ვუსმენ გრამაფონს. ახლა მესმის, სადღაც რეკავენ ზარებს და ვგრძნობ საშინელ მარტოობას.

5 მარტი

დილას ვნახე ალლიდი ოტტოს თოვლიანი საფლავი. აქედან წავედი ვაგზალში, იყო პირველი ზარი და მგზავრები ტოვებდნენ თბილისს. დილას ქროდა ცივი ქარი, ავდივარ ფუნიკულიორის ბაღში. იოსებ მჭედლიშვილის სახლის აივნიდან მელაპარაკება მაგდა. ბაღში ბევრი თოვლია. ქარმა ქუდი წამართვა. იქვე ბაღში ვწერ ლექსს და მზე მაღლა იწევს.

7 მარტი

ოთახიდან გავდივარ გვიან, ისევ შორეული მზე ანათებს თბილისის მიწას.

ქუჩაში დგანან პატარა ჯიბგირები და ქალის სახეს ხატავენ კედლებზე. შევდივარ ოპერის ბაღში, ჩემს წინ აკაკის ძეგლია. ახლო ქუჩიდან მესმის ხალხის ჟრიამული. ჩემს გვერდით ზის ვიღაც ახალგაზრდა და გაზეთს კითხულობს. და საღამო ნელა უახლოვდება ქვეყანას.

8 მარტი

მზიანი დღეა და ელავს სიხარული უსაზღვრო ცასავით. ამ ადგილზე, სადაც ახლა ვზივარ, მიწა წევს გობივით და მე პირდაპირ ვუმზერ ფიქრის გორას. გაღმა მიდიან დატვირთული ურმები. ჩემს წინ ბაღია და ჯარისკაცებივით რიგში დგანან კვიპაროსები. ახლა ჩემს გარშემო დაფრინავენ ყვავები, ქუჩა გაიწმინდა, დარჩენილია თოვლი მთებზე და სახურავებზე. მე მიყვარს ეს ადგილი, დავდივარ აქ და ვკითხულობ ლექსებს.


9 მარტი


არის ზამთრის მზიანი დილა, ქალაქი გახვეულია კვამლში, გაღმა მიდის ვიღაც მილიციონერი. ვერის ხიდიდან მესმის ტრამვაის ხმაური. ახლა ეს გული სამარეა მიცვალებულ სურვილების.

ჩემს წინ გაშლილია შარა, ადამიანები ნელა დადიან. შევდივარ ბაღში, ძირს ტალახია და მაღლა სიწმინდე. მოქალაქენი იღებენ სურათს. ჩემს წინ ვიღაც ქალმა გაიარა ბავშვით.

აგერ დგანან მოწყენილი აკაციები, და ეს დღე ღამისაკენ მიექანება.

11 მარტი


თბილი ამინდია და თოვლი დადნა, ქუჩაში მიდის წყალი. უქმი დღეა, კიდია წითელი ბაირაღები.

ღრუბლები ნელა მიდიან ცაზე, ცისკენ მიიწევენ ფრინველებიც.

არის პირველი საათი, მივყვები დოცენტ იოსელიანის ცხედარს, გზაში მესაუბრება მეგობარი დათიკო კობიძე. პანთეონიდან ვბრუნდები, როგორც მიცვალებული. ვზივარ ოთახში და ვფიქრობ სამშაბათს მოვიკლა თავი, გადავვარდე ვერის ხიდიდან.

12 მარტი

დილის ცხრა საათია, მივდივარ ვერის პარკში, გავიარე ახალი ხიდი; ახლა ვზივარ პატარა კუნძულზე და ვფიქრობ თვითმკვლელობაზე. აქეთ-იქით მიდის მტკვარი. არ ვიცი საიდან მომესმა არღნის ხმა, ვტოვებ კუნძულს. შევდივარ ჩემი მეგობრის ინასარის ბინაში. ვსაუბრობ. დღეს ღრუბლიანი დღეა. ხვალ ვაპირებ თავის მოკვლას.

13 მარტი

დილიდან მოდის წვიმა. გავდივარ ქუჩაში... გადავწყვიტე არ მოვიკლა თავი და შევურიგდე ცხოვრებას, და ჩემი პოეზია ისევ დარჩეს სპეტაკი. ეს იქნება დაბრუნება ცხოვრებასთან...

14 მარტი

ღრუბლიანი დღეა და უიმედობა. ვზივარ ნაწვიმარ ბაღში და ვოცნებობ შორეულ საგნებზე. სკამები დასველებულია წვიმისაგან, ჩემს წინ ყრია ტალახით გასვრილი თოვლი, ოდნავ ირხევა ტოტები. მზე ფრინველივით დამალულია ღრუბლებში.

შევდივარ "ახალი სოფლის” რედაქციაში, გ. მუშიშვილთან ზიან: ბესარიონ ჟღენტი და ვიქტორ გაბესკირია. საუბრობენ მწერლობაზე. მე გაჩუმებული ვდგავარ. გარეთ წვიმს, ქუჩაში ტალახია, და ჩემს ფეხსაცმელში წყალი შედის.

16 მარტი

ოდნავ ღრუბლიანი დღეა, ქარი არ ქრის. მე ვდგები სამსახურში და ვიწყებ სხვანაირ ცხოვრებას. დროებით ვისვენებ და თავს ვანებებ ხეტიალს!


17 მარტი

დილით წავედი "ახალი სოფლის'' რედაქციაში, ცოტა ხანს ვიყავი. გამოვედი ქუჩაში, მხვდება ჩემი სიძე ერმინე კვარაცხელია და გადმომცა ჩემი დებისაგან გამოგზავნილი წერილები, აგრეთვე ზოზია მიგზავნის თეთრეულს, უჩა კი ვაშლებს, კრენდილს და პაპიროსს.

18 მარტი

წუხელ, 12 საათიდან დაიწყო თოვა; მთელი დღე თოვს, მე გავწიე ჩემს სიძესთან "სოფლის კავშირში''. მასთან ერთად მივდივარ ბაზარში, ვყიდულობთ რაღაცეებს; გადის დრო, ვტოვებ სიძეს და მე მივდივარ ნავთლუღში. გზაში ვხვდები ვიღაც მხატვარ ქალს, რომელსაც ძლიერ უყვარს ჩემი ლექსები. გადის დრო, ოთხი საათია და მე ვბრუნდები ოთახში.

19 მარტი

ორშაბათის დღეა, დილიდან იწყებს თოვას; მე შევდივარ "ახალი სოფლის'' რედაქციაში და ვისვენებ. ვწერ წერილს, ჩემს დებს მაშოს და ზოზიას. ვათავებ ბარათების წერას; იქიდან მივდივარ ხელოვანთა სასახლეში, ვესაუბრები პლატონ კეშელავას ცხოვრების გამოცვლაზე.

დაღამდა, მივდივარ ოთახისაკენ. თოვს; უცებ გავიხედე, ვერ ვიცანი ქუჩა, მე არ ვიცი რომელ ქუჩაზე ვარ. ძლივს გამოვერკვიე.

ახლა გარეთ მოდის თოვლი და მე ოთახში ვიმალები.

22 მარტი


დილას თოვდა, შუადღის შემდეგ გამოიდარა. მე ვმუშაობდი "ახალი სოფლის'' ექსპედიციაში, ვკეცავდი გაზეთს და ძლიერ დავიღალე. მოვედი ოთახში და დავწექი.

1 აპრილი


დადგა გაზაფხულის დღეები, დადგა ჩუმი საღამოები, მე თეთრი ხალათით დავდივარ და მიმზერს მთელი თბილისი.

მუხრანის ხიდიდან გადავცქერი ადიდებულს და მღვრიე მტკვარს. ვიყავი ავლაბარში. გაზეთ "კომუნისტში'' ვკითხულობ განცხადებას ნიკო ნიკოლაძის გარდაცვალების შესახებ. ნელა საღამოვდება და ახლა დაღლილი მივდივარ ოთახისაკენ.

4 აპრილი

დილის ექვს საათზე მივდივარ ექსპედიციაში. ოდნავ ცრის წვიმა. ვმუშაობ თავაუღებლივ საღამოს ცხრა საათამდე. გაზეთზე მომუშავენი ხუმრობენ და იცინიან. მე სრულიად არ მეცინება. ექსპედიციაში შემოდის გაზეთის რედაქტორი მუშიშვილი.

ცხრა საათია, და ღრუბლიანი ღამეა, მთვარე ოდნავ ანათებს დედამიწას. მოვედი, ზაქარიას ეძინა, გავაღვიძე და ვნანობ.

5 აპრილი

ვდგები დილის ცხრა საათზე, ვიცვამ თეთრ ხალათს. მივდივარ ნავთლუღის სადგურში, იქ ვსვამ ერთ ჭიქა ღვინოს. თანაც მესმის ორთქლმავლების ქშენა. მიდის ცხენოსანი ჯარი და მღერიან რაღაც უცნაურ სიმღერას. აქითობას მოვიარე მინდვრები, ჯიბგირები თამაშობენ კამათელს და მუხლზე ირტყამენ ხელებს. მაგათ აქვთ დანა, მე ძლიერ მეშინია დანის.

ნავთლუღიდან ვბრუნდები დაღლილი და შევდივარ ხელოვანთა სასახლეში, სადაც ასვენია ნიკო ნიკოლაძე. მივყევარ პროცესიას მთაწმინდაზე, ღამდება და მოდის წვიმა. გზაში მხვდება იონა და მპატიჟებს სახლში, მეც მივყვები, და მეშინია მოკვლის. შევდივარ სახლში, გაჩნდა ღვინო. ვსვამ ცოტ-ცოტას, აქ არის... ეთერი და თეიმურაზი, იონას შვილები. გადის დრო და მე ოთახში ვბრუნდები ტრამვაით.


7 აპრილი

დილით მივდივარ პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, ვხვდები მღვდელს კანდელაკს. მიცნო დარაჯმა ჩიტაძემ. დავდივარ საფლავებს შორის და ვფიქრობ; მოდის ორი ეტლი, დავინახე ბავშვის პატარა კუბო. ცხედარი დაასვენეს ეკლესიაში, მე შევედი და მიცვალებული ბავშვის წინაშე პირჯვარი გადავიწერე. და მე ვხედავდი, თუ როგორ ეძინა პატარა ბავშვს კუბოში, და ცხედარს ვუმზერდი დიდხანს. ჩემთვის სრულიად უცნობი ხალხი იდგა გარშემო.

დავტოვე ეკლესია და დავიწყე ფიქრი ქარზე, თუმცა ქარი არ ქროდა სრულიად. გადავხედე ახლობელ მიდამოს და მომაგონდა შარშანდელი მზიანი დღე, როდესაც მე პირველად ვნახე ეს სასაფლაო.

დავბრუნდი სრულიად უიმედო და გულდაწყვეტილი.

8 აპრილი

დილიდან ელავდა მოწმენდილი ცა, მე წავედი ნაძალადევში. გზაში მესმოდა ძაღლების ყეფა და მამლების ყივილი. გავცილდი ლოტკინის ქუჩას, ავედი მაღლობზე, დავწევი მიწაზე და დიდხანს ვუმზერდი გარინდებულ ზეცას. შორიდან ვხედავდი ახალგაზრდა ქალებს მიქონდათ წყალი, აგრეთვე დავინახე წითელი ხბო ეზოში ხეზე მიბმული, მივუახლოვდი და ხბომ დაიბღავლა, არ მესიამოვნა.

ბევრი ხეტიალის შემდეგ დავტოვე ნაძალადევი და ტრამვაით დავეშვი ძირს.

9 აპრილი

გათენდა. მივდივარ ობსერვატორიის ბაღში. ბაღი ამწვანებულია, მოლი გაშლილია გარშემო ხავერდივით. ვსეირნობ, როგორც უზრუნველი. გადავხედე მტკვარს, დავინახე, წყალს მიჰქონდა ცოცხი...

მე ვჯდები სკამზე და ვფიქრობ დავიწყო მუშაობა სადმე ბაღში და უფრო დავუახლოვდე ბუნებას.


10 აპრილი

მზიანი დღეა და ქრიან ცივი ქარები. დილა ადრიან გადავათვალიერე გაზეთები. მივდივარ ქუჩაში, ვხვდები მეტად მგრძნობიარე მეგობარს დავით კობიძეს. უმიზნოდ დავდივართ მტკვრის ნაპირზე, შევიარეთ წისქვილში, წისქვილი ქანაობდა და ჩვენ შეგვეშინდა. ნელა მოდიოდა ადიდებული მტკვარი. ცოტა ხნის ხეტიალის შემდეგ დავშორდით ერთმანეთს და წავედი აკაკი ანდრიაშვილთან, რომელმაც დაუკრა როიალი. მე გარინდებული ვუსმენდი როიალს და შორს ვხედავდი რაღაც ცისფერს.

გადიოდნენ წამები და მე ცეცხლივით მწვავდა გრძნობა.

12 აპრილი

მოდის აღდგომა, უკვე გამოაცხვეს პასქები, იწმინდება სახლები... ემზადებიან დღესასწაულისათვის. საყდრებში ქრისტეს სურათს კოცნიან; გათენდა მზიანი დღე, მე მივდივარ სიონში, ვისმენ წირვას. იქიდან მივალ აფთიაქში ზაქარიას წამლებისათვის.

საღამოს შევდივარ ''Блогословски''-ის ეკლესიაში, მეც სხვებივით ხელში მიკავია ანთებული სანთელი, და თვითეულ სანთლის შუქი ანათებს ჩემს მოღლილ სახეს. მესმის რუსული გალობა, მიმზიდველია ერთი ქალის ხმა, რომლის გარჩევა ძნელია.

გადიან წამები, ვარ ოთახში, ირგვლივ შავი ღამეა, მთვარე თორმეტ საათამდე არ ამოვა. ცაზე თეთრი ვარსკვლავები კრთიან, ხვალ კარგი ამინდი იქნება, მე დილას წავალ ნაძალადევში.

14 აპრილი

ხვალ თენდება აღდგომა, ახლა თორმეტი საათია და ქალაქში უკვე ახმაურდნენ ზარები; მე მთელი ღამე არ მძინავს, ტანზე არ გამიხდია და დიდი სიხარულით ვეგებები აღდგომას. ველი დათიკო კობიძეს, და ვაპირებ ეკლესიაში წასვლას. ამეღამ განათლდება ყველა ეკლესიები, დაიწვება ბევრი სანთელი; ხვალ თენდება აღდგომა და მე უძილოდ ვეგებები ამ ძვირფას დღესასწაულს.

15 აპრილი

აღდგომა დღეა, ვდგები ადრე, მივყვები ლიანდაგს ვაგზლისაკენ, თანაც შორიდან მესმის მუსიკის ხმა. შევდივარ ნიკოლოზის სასაფლაოზე, დავდივარ, ვიღაცები ეგდო ლოდებთან და ეძინათ. მე მალე დავტოვე სასაფლაო და გავწიე მამადავითისაკენ. ვნახე საფლავი ნიკო ნიკოლაძის და სხვათა. თანაც ვხედავ, როგორ ნელა შემოდის მატარებელი ქალაქში, ორთქლმავალი თითქოს დაღლილია და ნელა მიიპარება. მოჩანს მტკვარი და მთელი ქალაქი.

16 აპრილი

დილის თორმეტ საათზე შევდივარ ჩემ ძვირფას მეგობართან აკაკი ანდრიაშვილთან. აკაკი ის ადამიანია და შეიძლება ითქვას, პოეტიც, რომელიც განიცდის ყველაფერს. უთუოდ, ჩემი ნამდვილი მეგობარია აკაკი ანდრიაშვილი.

გადავალ, დღევანდელ დღეზე; ბევრი ვისაუბრეთ მე და აკაკიმ სიღრმეზე. შემდეგ მე გავიარე ქუჩაზე მარტო, დგას ხალხი თავიანთ სახლების წინ და ჭამენ "სემიჩქას''. გაღებულია ფანჯრები, ნამდვილი გაზაფხულია. ღამე მივდივარ ოთახისაკენ, ვხედავ ადიდებულ მტკვარს, როგორ ანათებს ქუჩიდან ელექტრონის შუქი. გზაში მხვდება ნაცნობი ქალები და ამბობენ: "ტერენტი გრანელი'' მე მესმის ერთი ქალის ხმა - "საწყალი ტერენტი'' და სხვა.

17 აპრილი


დილით მივდივარ კუკიის სასაფლაოზე, ვნახულობ კლავდია ზელინსკაიას მიტოვებულ საფლავს.

შევდივარ ისევ გერმანელების სასაფლაოზე, შესვლისთანავე გამომეკიდა ყვავი და მომდევს უკან, მე მეშინია არ მიკბინოს.

ვნახე ალლიდი ოტტოს სურათი და საფლავი. აგერ ბავშვები ათამაშებენ პატარა ცხვარს.

19 აპრილი

დილით ვიყავი ბევრჯერ დაწერილ და ბევრჯერ ნახულ ადგილებში. საღამოს შემხვდა ჩემი მარადიული მეგობარი და ძვირფასი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე. ექვსი თვეა არ მენახა. შემხვდა დღეს, უცებ ვიგრძენით ერთმანეთი. ბევრი ვისაუბრეთ ალექსანდროვის ბაღში. ბაღში ჩვენს გარდა სხვებიც იყვნენ. უცებ გავჩუმდით. მივდივართ და ქვეყანას იპყრობს საღამოს ცისფერი ბინდი.

25 აპრილი

დილას წავედი ნაძალადევში, დავდივარ მთაზე და ვფიქრობ. მახლობელ სახლიდან მიყეფს ეზოში მიბმული ძაღლი. მთის ქვემოთ არის სკოლა. მე დამინახეს მოწაფეებმა და ამოდის რამდენიმე ქალი იმ მთაზე, სადაც მე ვსეირნობ, და ქაღალდზე გადააქვთ ჩემი პოზა. მე იქ დავწერე ლექსი და წავუკითხე მათ. შემდეგ გადავწერე და გადავეცი.

26 აპრილი

ვიყავი აკაკი ანდრიაშვილთან. იგი უკრავდა გამმას. წავედი აღმასკომში, ვნახე ჩემი მეგობარი როდიონ ქორქია, რომელმაც მიძღვნა თავისი წიგნი. მომეწონა შემდეგი ადგილი: "უცნობი გზებით მოდის აღმაფრენა'' და სხვა. ახლა ოთახში ვზივარ, ღრუბლიანი ღამეა, ბავშვები თამაშობენ ქუჩაში და მესმის მათი ჟრიამული.

დღისით ცხელა და ღამით სიცივეა.

29 აპრილი

დილით მივდივარ მხატვარ ირაკლი ტოფაძესთან, რომელიც ხატავს ჩემ სურათს. მე ვუმზერ ერთ წერტილს და მზერა გადადის ტილოზე.

შემდეგ წავედი სიონში და მოვისმინე `'ქრისტე აღსდგა''. აგრეთვე მომწონს კათალიკოს ქრისტეფორეს მწუხარე სახე და ამაყი ჟესტი.

დავბრუნდი საყდრიდან და ალექსანდროვის ბაღში შევხვდი ხარიტონ ვარდოშვილს; ვისაუბრეთ მსოფლიოს საკითხებზე. მიწას დაყურებდა ღრუბლიანი ზეცა. მე წავედი, იგი დარჩა ბაღში.

ჩემი სურათი, რომელიც გადამიღო ჩლაიძემ, დღეს ვუთავაზე ანიკო ნიკოლაძეს.

საღამოს დაიწყო წვიმა, მე დანამული მოვედი ოთახში. ახლა სოველია ქუჩა და მენატრება გავლა სადმე ყრუ ქუჩაზე.

1 მაისი

მთელი დღე ქუჩაში ვარ და მესმის მუსიკის ხმა, ვგრძნობ სიხარულს, მუსიკის ხმებიდან მოვარდნილს. ვხვდები გალაკტიონს. ოპერის ბაღში ვზივარ, ვსაუბრობ ხარიტონ ვარდოშვილთან; ცაზე მიფრინავს ოთხი პროპელერი. ქუჩაში ტევა არ არის, ვშორდები ბაღს და მივდივარ გორკის ქუჩით ვაგზლისაკენ.

3 მაისი

დღეს მთელი დღე ვმუშაობ ექსპედიციაში. დაღამდა. მივდივარ ოთახში. ახლა მთვარიანი ღამეა და მწვავს სურვილები, ერთი და იმავე დროს, სწორედ ახლა, მინდა ვიყო ყველგან, მინდა მთელი მსოფლიო გადაიშალოს ჩემს წინ, როგორც ერთი ნაჭერი მიწა, აქედან ვუმზერდე პარიზში მიმავალ ადამიანს. მინდა ხელში მეკავოს მთელი მსოფლიო, როგორც ბურთი. მაგრამ რა ვქნა, როდესაც ამისათვის არ არის პირობები. ჩემს გარშემო მწარე სინამდვილეა და ვუმზერ მხოლოდ ოთახს, გარინდებულ კედელს.



პოეტი ვარლამ რუხაძე.

ისტორიკოსი და მწიგნობარი ზაქარია ჭიჭინაძე; მასთან ცხოვრობდა ერთხანს პოეტი უბინაობის გამო.

მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე

პოეტის უახლოესი მეგობარი, პროფესორი დავით კობიძე.

პოეტი ინასარი (ინასარიძე).

გიორგი მუშიშვილი, ანუ ხოფერია. გაზ. ”ახალი სოფლის” რედაქტორი.

ფილოლოგი ანა ნიკოლაძე

??????