ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

* * * "ოჰ, მემატება" 

ოჰ, მემატება, მემატება ნისლი ყოველდღე,
გაცხადდა უკვე, აუხდენელი ოცნების აზრი..
როგორც პოეტის სამძიმარზე მოსულ პოეტებს,
ისე შევყურებ ჩემი ქუჩის მოწყენილ ნაძვებს.

გაცხადდა უკვე, გაშლილა დროშა კაეშნის.
თვითონაც მიკვირს, როგორ გააძლო გულმა ამდენხანს
(რაღაცნაირი ზიზღი ვიგრძენ ბოშას თვალებში,
როცა მენაგვეს გავაყოლე პურის ნატეხი,)

გაცხადდა უკვე ცოტა რამის შევძელ გამხელა,
გადაუწყვიტა მამაღმერთმა ლექსების სიბერე,
ვერ შევიფარე მოზეიმე მგოსნის სახელი,
ინტელიგენტის მოსასხამიც ვერ შევიფერე.

გაცხადდა უკვე დღეებს ისევ წუთობით ვითვლი,
საკუთარ სულში სხვიზე უფრო ვეძებ სიბნელეს.
ვერ შევიფერე მოყვარული მეუღლის ტვირთი,
რაც მთავარია, ერთგულება ვერ შევიფერე.

ოჰ, მემატება, მემატება ნისლი ყოველდღე,
გაცხადდა უკვე, აუხდენელი ოცნების აზრი..
როგორც პოეტის სამძიმარზე მოსულ პოეტებს,
ისე შევყურებ ჩემი ქუჩის მოწყენილ ნაძვებს.

??????