ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

ისევ შენ, ღამე, ფალიაშვილი ექსკლიუზივი

ღამეა და თვით არ ვიცი რა ქარია,
ყველა ტკივილს მოგონების ქარი აშლის,
კლავიშებზე ცრემლად დნება ზაქარია,
ღმერთო, სული დაულოცე ფალიაშვილს!

რა გინდ დიდი მწუხარება მომესიოს,
შენს სიყვარულს ვემსხვერპლები რაინდულად.
თითქოს ვანოს “თავო ჩემო” მოესმინოს,
დედამიწა მლოცველივით გარინდულა.

რა უღმერთოდ წამიჭირე აპეური,
სიცოცხლე ვარ, უსიცოცხლოდ დამწვი ალო.
სულგაყიდულ მურმანივით დაბნეული 
ღამის ქარი რა ეულად დაწრიალობს.

“რომელმა გულმა გაცნობა,
ბედი გექნება მწარეო.
ამაღამდელო ღამეო,
ნურც გათენდები მალეო.”

რაც გინდ დიდი მწუხარება მომესიოს,
ყველა დარდი სიყვარულით იცვლება.
თითქოს ვანოს “თავო ჩემო” მომესმინოს,
ლაჯვარდი ცა ეთერივით იცრემლება.

ეს სიცოცხლე ვინ აგვინთო წამიერად?
საოცრებით ანთებული დავალ საით?
ელვაა თუ სიყვარულმა გაიელვა
აბო მეფის შენაფიცარ დანასავით?

“ეთერო, გახსენ გულ-მკერდი,
ჩემთან შენც დასთმე თავია.
ცოცხალსა მურმან ვეზირსა
მე გირჩევნიყო მკვდარია.”

...ღამეა და თვით არ ვიცი რა ქარია,
ყველა ტკივილს მოგონების ქარი აშლის.
კლავიშებზე ცრემლად დნება ზაქარია,
ღმერთო, სული დაულოცე ფალიაშვილს!

??????