ფირცხალავა არჩილ
გაზიარება

ვაჟას ნაფეხურში ექსკლიუზივი

ღამე ნაბადივით დამახურე,
თითქოს არც მქონია სხვა ოჯახი,
ვაჟას ნაფეხურში დამარხული
ახლა საფლავიდან ამოგძახი:
შენ თუ საწყალი ხარ, მე ცოდვა ვარ,
ვიცი, აღსარებას არვინ მიწყენს,
განა სამეგრელო მეცოტავა,
განა “სისა-ტურა” დავივიწყე.
განა.. მდუღარებამ იწვიმა და 
დარჩნენ ბილიკები ჩახრამული,
გველი, მინდიამ რომ მიწილადა,
წუხელ მთელი ღამე ვახრამუნე.
ე, მაგ დაოსებულ ღაწვიანად,
ქალავ, წუთით მაინც ჩამომხედე,
დარდმა წვიმასავით მაწრიალა,
ცრემლი სანთელივით ჩამოვღვენთე.
ლექსი თუ უშველის ამ ყიამეთს,
თორო ცრემლის ბადე აღარც გაშრეს,
სიყორულ ორბივით ვაყრიალე,
გული-არწივივით ვაყაშყაშე.
მოდი მომასმინე ხმა მარადი,
შუქით საფლავშიაც ამაცეტე,
ხატის სანთელივით დამანათე,
ხატის სანთელივით დამაწვეთე.
სიტყვა მიელვარე ალმასისებრ,
ხარის გახელებით გამახელე,
მოდი, სამეგრელო დამასიზმრე,
მოდი, “სისა-ტურა” დამამღერე,
თუმცა უკვდავების ისე მჯერა,
მკვდარსაც საყორნეზე გამიტანენ,
მოდი, ნაღვლიანი “სი ჩერჩელა”
გულში ხანჯალივით გამიტარე.
ნისლი-დედაჩემის თავშალია,
თავი ამ თავშალში მოვიკალი,
როცა გამახსენდა მაფშალია,-
სატრფოდაკარგული თოლისქვამი.
როცა გამახსენდა ფარეშივით
მუდამ ჭიშკრისაკენ მონაღვლული,
ჩემი თვალკაკაბა ქალიშვილი,-
მამადაკარგული მოლაღური.
თითქოს ნისლი იყო, კლდეს ეფინა,
იყავ სიყვარულით ვალდებული,
ჩემი სიჭაბუკის ლექსებივით
დანისკენ კისერწაგდებული.
გულს თუ მოგონებამ მოუარა,
სწრაფი წერილებით დაიწყნარე,
ოდიშურ შაშვების “შოუ ნანა”
ხევსურ დედილასთვის დამისწავლე.
წარსთქვი:-პირჯვარიც არ გადამსახეს,
გულო, ან რაისად მილაღდები,
ჩონჩხა ქანჩახებზე აჩახჩახეს
ჩემი სიყვარულის ჩირაღდნები.
ღამე ნაბადივით დამახურე,
მერე გაანათე ოჯახივით,
ვაჟას ნაფეხურში დამარხული
კოლხის ცრემლიანი მოძახილი.

??????