შვილის აჩრდილი
მითვალთვალებენ გამუდმებით, სადმე ქურდულად
რომ არ წამძლიოს უცებ სულმა. მაინც ვახერხებ
დიდი წვალებით. გამოვაღებ უცებ ფანჯარას,
თავს გავყოფ, ვურტყამ ორ-სამ ნაფაზს გაფაციცებით
და უცოდველი იერ-სახით კვლავ ვუბრუნდები
საწერ მაგიდას, უფრო სწორად კი ჩემს კომპიუტერს
და კვლავ განვაგრძობ ორმაგ თამაშს, ჩემებს ვაჩვენებ
თითქოს ვმუშაობ, ნამდვილად კი ვეთამაშები
ჩემს მხსნელ კომპიუტერს, ჟინიანად, ავადმყოფური
თავდავიწყებით, აბსოლუტურ გაოგნებამდე,
რათა როგორმე ავარიდო ავ ფიქრებს თავი,
აღარ ვიფიქრო არაფერზე და ვინაიდან
არ შემიძლია თავის მოკვლა, როგორმე ასე
გავავაგლახო ჩემი წილი წუთისოფელი.
არ მოწიოო! თითქოს ჰქონდეს რაიმე აზრი
საღ-სალამათი კაცის სიკვდილს სულთ საუფლოში!
მეუღლემ მითხრა: « _ იცი, წუხელ ტატო მესიზმრა,
შეწუხებულმა შემომჩივლა, მამას უთხარი,
ფანჯრიდან ცხვირში ნუ მაბოლებს, ნუ მაწუხებსო.»
მე გამეხარდა. საოცარი შვება ვიგრძენი.
მაშასადამე, შენი სული, აქ არის, შვილო,
გარს უვლის ჩვენს სახლს ყოველ ღამე, შიგ იჭვრიტება
და მე როდესაც ვაღებ სარკმელს ჩემი ქურდული
ნაფაზისათვის, თურმე მაშინ მე შენ გეხები
ქცეულს ნიავად, ღამის სუნთქვად, ხეთა შრიალად.
ეს რომ გავიგე, მოვუხშირე სარკმელში წევას
და შიგ ცხვირ-პირში გაფუილებ მხჩოლავ სიგარეტს.
რა მოხდა, შვილო, უბედური მამის გულისთვის
უნდა გაუძლო, მას ხომ სხვა გზა არ დარჩენია
შენთან შეხვედრის და მდუმარე მასლაათისა.
ახლაც სარკმელი გამოვაღე, გამოვყავ თავი,
შენ შემეხე და დამიარე ტანში ჟრუანტლად.
პრინცმა ჰამლეტმა არ იცოდა, რომ უარესი
ტანჯვაა, როცა მამა ელის აჩრდილს შვილისას!
6 დეკემბერი, 1997.