* * * მინდორში იდგა პატარა
მინდორში იდგა პატარა სახლი,
პატარა სარკმლით, პატარა ბუხრით,
ვეება მუხას ჟამთასვლით დაღლილს
იმის კედელზე მიედო მუხლი.
მინდორში იდგა პატარა სახლი
და ქარი ქროდა ტყეების მხრიდან.
და შემოდგომა ცივი ცახცახით
მოყვითლო ფოთლებს ეზოში ყრიდა.
პატარა სახლზე იჯდა არწივი,
პატარა ჩრდილი მიჰქონდა ღელეს...
და ბერი მუხა ბერიკაცივით
იისფერ კვამლზე ითბობდა ხელებს.