გეომეტრია დამწყებთათვის
ტეხილი.
ხანდახან მეჩვენება,რომ ვმოძრაობ ტეხილზე
ტეხილი არის კუთხე დინამიკაში
ყოველი ხაზი ქმნის კუთხეს
კუთხე კი საშიშია
სწორედ იქ იციან ჩასაფრება წვეტიანმა აზრებმა
მე მინდა ვიმოძრავო წრეზე.
გაკვეთილი მეორე
კვადრატი
აიღე სიშავე,
დახატე კვადრატი. (გვერდები უცქერენ ერთმანეთს, უსაშველოდ ერთნაირები)
დანარჩენი გააფერადე თეთრად
მალევიჩი.
კვადრატი უნდა იყოს მხოლოდ შავი
გაკვეთილი მესამე
წრფე
იქნებ ჩვენ მხოლოდ პარალელური წრფეები ვართ
ყოველთვის ვგრძნობთ ერთმანეთის არსებობას
და ვერასდროს ვკვეთთ ერთმანეთს.
გაკვეთილი ბოლო:
(სხვა აღარაფერია სასწავლი)
წრე
თუ ღმერთი მოხუცი და თეთრწვერა არაა, ის წრეა
წრე არის სიმშვიდე, არსაით წასვლის სიმშვიდე
წრე არის ცოდნა იმისი, რომ ყოველთვის ბრუნდები იქ, საიდანაც იწყებ.
წრე არის კერა.
სითბო ვრცელდება წრეში.
წრე არის სიცოცხლე