ტაბიძე ტიციან
გაზიარება

შეხვედრა კონსტ. ბალმონტთან მოსკოვის ახლოს ტყის ქალაქში 

მახსოვს რუსული ყანა და ქერი, 

მოგყვები ბავშვი, როგორც ჯადოქარს. 

შენ კი მისცურავ, როგორც ნამქერი, 

შენ როგორც ქრისტე მიყვები ამ ქარს. 


Я был в России, Грачи кричали 

Весна смеялась в мое лицо. 


და ნიავს მიაქვს ყვითელი ჩალა, 

იშლება შენი თმა თაფლისფერი. 

და სტირის ყვავი, ყვავი ყვანჩალა 

ლექსებით ასე რომ მოეფერე: 


Я был в России, Грачи кричали, 

Грачи кричали: зачем? зачам? 


შენთან ვიყავი, ყვავი ტიროდა, 

რაზე ტიროდა, ვიცი მე განა? 

მეც ხომ მდუღარე ცრემლი მდიოდა, 

მაგონდებოდა ჩემი ქვეყანა. 


და დამთუთქავი ეს ათი წელი 

ვერ დამავიწყებს მაშინდელ ზაფხულს, 

ამდენ ხანს ასე თუ გავუძელი 

ამდენ სიყვარულს, ამდენ სიხარულს. 


ამ ზაფხულს მოკვდა ვაჟა-ფშაველა, 

მახსოვს ცრემლებით შენ ეს გითხარი, 

ის სიკვდილის წინ ითხოვდა ბალახს, 

გახელებული წყურვილით ხარი. 


მას შემდეგ დამრჩა გრძნობა ასეთი, 

რომ ერთად ორ მზეს თვალი შევასწრე, 

მოხიბლული ვარ ამ სინაზეთი 

და სიკვდილამდე დავრჩები ასე. 


გავიარ ისევ ”ძაღლის მოედანს” 

და მივადგები მიკოლას საყდარს, 

კარზე დარეკვას ხელი ვერ ბედავს, 

ამ სახლს ვუყურებ, როგორც ნატახტარს. 


იქ ცხოვრობს გრუშკა - ჩვენი დეკანი, 

აქ სკრიაბინი ებრძოდა სიკვდილს, 

მე რუსთაველის მომაქვს დედანი 

და შუბლზე ცივი ოფლი გადმომდის. 


გვიკითხავ მთვარის, თაფლის, მზის ლექსებს 

და თეთრი თოვლით სავსეა ქუჩა. 

მშობელი მიწის ვიყნოსავ ფესვებს, 

ჩემ ზამთრის სულში ჰყვავის ალუჩა. 


თითქო ჩასთვლიმა ბალტრუშაიტისს, 

ვოლოშინს შვენის ლომის ფაფარი. 

და რუსთაველის მგზნებარე შაირს 

ზამთრის სინაზე გადაეფარა. 


გელის ტფილისი: ”ვეფხისტყაოსანს” 

მეორედ ელის დღეს საქართველო. 

ცისფერ ყანწებით დიდებულ მგოსანს 

მოაგებებენ შენ სადღეგრძელოს. 


ფუტურისტები მაშინაც ისე 

ლაზღანდარობდნენ ყვითელ კოფტებით, 

ჩვენ ძველი დაგვრჩა მაინც სინდისი 

და სიყვარულით გულში მოვკვდებით. 

??????