ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ჩარდა ამთა 

სადღეგრძელოსთვის სიტყვის თქმის ნება მომეცი, თამადა: 

შემკობად თინათინისა ამ სასმისს ვსვამ თამამადა, 

ვის მკერდზე გადმოფენია ნაწნავი ცხრა სამ-სამადა, 

ვისი თავხურვა ყოველგვარ თავხურვას შეეკამათა, 

და წარბ-წამწამი ყველასი არ ღირს მის წარბ-წამწამადა, 

სახის კანს სადაფისფერსა მზემ შუქი რამ მიამატა, 

ტანსარო, ალვა ასული, მშვენება მარად ჟამადა, 

ვინ მზესა სწუნობს, მაგრამ მზე თინათინებდეს მარადა. 

ვუსურვებ: ჰქონდეს სიმხნევე ფუძედ და დასაბამადა, 

მშვიდობიანი ცხოვრება რომ არ შეცვლოდეს შხამადა, 

და აფხაზური, ბევრი რამ, სიბრძნეთა და სიამეთა, 

ის კარგი დარბაისლობა, უღირდეს ძვირფას რამედა. 

ვარდ-ყვავილებით მოერთოს ველი, ქცეული შლამადა. 

“სამშობლოსათვის მაცოცხლეთ!” - მვედრები იყოს ამადა. 

მომხდურებს რომ წახდენოდეს რბევის სურვილი და მადა, 

მტერზე მიმსვლელი მენახოს, ქალი იძახდეს: “ჰკა მათა!”. 

აფხაზნი ქალნი გმირთ ზრდიდნენ, შემმუსვრელთ არამგამათა... 

მაშ, ერთი ძველი სუფრული, სთქვი - “ჩარდა ამთა”, თამადა!

??????