ორბელიანი ალექსანდრე
გაზიარება

რუსთაველი 

რუსთაველ!
ყოვლის ზეციურის მადლით გაბრწყინვებულო
და ანგელოზებრ წმინდად ამომსუნთქმელო!
ნეტავი მითხრან, ანუ ზეცითგან გადმომძახონ,
ვინ გადმოაქცია შენზედ მეტად კარგი უცხოება ნეტარებისა.
ვინ მოგიტანა დიდსულოვნების რტო სასუფევლიდან?
ვინ გადაიპო თავისი გული ლესულ ალმასითა
და იმაში ანთებული სიყვარული ვინ გაჩვენა?
ვინ გაჩვენა მომფრინავი სული, დავნებული სურვილითა?
ვინ გაურია შენს მტკინვარე ცრემლში აუარებელში,სიტკბო...
ის ცრემლი,რომლის მაღაროში შეგუბებულია მეტად წმინდა
გაბროლვილი?
ის ცრემლი,რაც ემბაზით მიაქვს ცის კამარის მოსარწყავად
მთვარე სრულსა?
რომელს მინდორზე ილოცავდი,რომელ ცთომილთა მოგფინეს
მზის პოდირი.
რომელს მდინარეს მოუთხრობდი შენს გულის წადილს?
რომელ მკურნალმა გასვა წამლად უკვდავება შენ?
როგორ,საიდან სცან ტკივილი სოფლის გულისა?
ნეტა რად ილმე ტკინვა მისი, დაუდგრომლისა?
რომლის სამოთხის ყვავილების სურნელებით ავსილი ხარ?
რომელ მხრის ედემის წყარო გისომს?
რომელს სანუგეშო წალკოტში ხარ აღზრდილი?
რამდენ გვარი ფრინველები ყოფილან შენთან მოსაუბრედ?
რამდენ ბრძენისაგან დალოცვილხარ?
ვინ მოგართვა მხედრობისა გამკვეთელი ბასრი ძრიელი?
ის რა ტყე არის, შენგნით მოლბენ მხეც-ნადირნი
გააფთრულნი?
ის რომელი გველი იყო,შენ წინ კრძალვით ამოწკრიტა გესლი
თვისი?
იყო სადა და ვინ გითხრა: “აგერ ხედავ? ცა პატივს გცემს
ღრუბლის გრგვინვითა“,
ამ დროს სიგრილის ცვარიც მოვიდა გულსა მშვებელი.
ვინ გასწავლა ცხოვრების წესი - მეგობრობა და ზნეობა?
სიხარულითა და სიკეთილით მოზღუდული სცურავ
სიამოვნებასა შინა!
სიმდიდრე და დიდება სულ არა ჩანს არად შენთან.
ჩანგ-ებნები და ყოველი სამუსიკო შეგამკობენ,
მგალობლები და მომღერალნი შემოგტრფიან.
რა უნდა იმ შენს მტერსა დავითს შენგნით:
შენი შურით თავის ქნარი უკეანეს ზღვაში გადაუგდია
და მწარედ დასტირის საწყალი ზედა.
აი, ეხლა მესმის მთელი ქვეყნის მგოსნების ღაღადება,
მაგრამ რუსთაველის ხმოვანება უფრო აღმატებულია და
სატრფიალო იმათზე!

??????