ვაჟა–ფშაველა
გაზიარება

ვიცანი, ღმერთო, სამყარო 

(სიმღერა)

ვიცანი, ღმერთო, სამყარო, - 
ეს შენი დანაბადები, - 
იმისი ავლა-დიდება 
და შიგ საგძალი ნადები; 
მბოჭავს, არ მათავისუფლებს 
გარს შემორტყმული ბარდები; 
დღეს გულსაცა სწვავს, კუჭსაცა 
გუშინ ნაჭამი ქადები. 
რად გვინდა, ნეტავ, სიცოცხლე, 
ეს ამოდენა ამბები, 
თავში სიცილი, მოლხენა, 
ბოლოს - ვაი და დარდები! 
განგების სათამაშოდა, 
გასართობად ვართ გამხდრები; 
ერთია, თუნდა ჩვენ ვიყვნეთ 
და თუნდ მინდვრის თაგვები: 
გავერანდება ერთხელაც 
ტურფად შემკული ბაღები, 
ჩამოინგრევა დარბაზი 
და სრა-სახლების თაღები; 
ცრემლს დაუწყებენ ფრქვევასა 
დღეს მოლხინარი ბალღები. 
ამას ბჭობს, ვისც აბარია 
განგების ბჭეთა საღები. 
ასეა, ვიცით კარგადა, 
ამ წუთისოფლის თვისება, 
ვერაფერს ვიზამთ ომითა, 
არას გვიშველის გინება, 
ქრთამი და ხვეწნა-მუდარა, 
ხმალ-ზარბაზნების ღირება, 
დიდი ჭკვა, გამოცდილება, 
ქველობის გამოჩინება. 
განგების გასართობნი ვართ 
ჩვენის ჭირით და ლხინითა, 
ამის მეტს ვერ თუ შესძლებდა, 
ღმერთმა ინება იმითა - 
დაგვღალოს, ოფლი გვადინოს, 
მერე გაგვაძღოს ძილითა, 
რომ ბოლოს სიტკბო ვიგემოთ 
გამსჭვალულებმა ჭირითა. 
ალბათ, ასე სჯობს, ჩვენ ვცდებით. 
ვერ ვსაზღვრავთ ჩვენის ტვინითა 
იმას, რაც წარმოსდინდება 
სიწმინდის ჭურჭლის პირითა! 

??????