კოლხური დიადემა
ალბათ ნიმფათა ლურჯ საუფლოდან
გამომასახლა, დამბერა ქარმა,
ესა ვარ, რაც ვარ, გრილ ნიჟარაში
გამომწყვდეული ჟინი და კრძალვა.
ესა ვარ, რაც ვარ, საუკუნეთა
ჩუმ მღელვარების სითბო და ფერფლი.
არ შეშრობია პონტოს და ეგრისს
ჩემი პატარა, სოველი ტერფი....
მე ქუთაიას, მკერდმოკვეთილი
მივაჭენებდი ყვითელ ულაყებს...
და ვით სასწაულს, მინდვრები თვითონ
მაწვდიდნენ გრძნეულ ბალახ - ბულახებს.
ნეტავი, ღმერთო, არ დამელია
ტრფობის სამსალა - დამწველი ბანგი,
ნეტავი, გარდა კოლხური მზისა,
სხვაგვარი ცეცხლი არ ეგრძნო ბაგეს! -
ჩამომდის წვიმა, ვით სიყვარული,
გადამდის ფიქრი, როგორც ტალღები
და ვარდისფერი მდინარეები,
ვით ოდოია, გამდის ძარღვებში…
ესა ვარ, რაც ვარ, საუკუნეთა
ჩუმ მღელვარების სითბო და ფერფლი.
არ შეშრობია პონტოს და ეგრისს
ჩემი პატარა, სოველი ტერფი!