ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

თხოვნა პოეზიისადმი 

სოფლის დუბეში,
პიწკებით და თიხის წებოთი
მახსოვს ხუხულა, პაწაწინამ ძლივს რომ ავაგე,
თბილი თითებით დედამიწას ვეხვეწებოდი:
_ გთხოვ, პოეზიავ,
შენი ენით მალაპარაკე.

იმ ხმათა ძებნას სიცოცხლეში
ვეღარ შევეშვი,
რადგან მესმოდა, ეძახოდა მშობელ ალაგებს
ჩემი წარსული გაზიდული დარდანელებში:
_ გთხოვ, პოეზიავ,
შენი ენით მალაპარაკე.

თუ ენა იყო დაბორკილი, მიმოკარგული,
მაინც თუთქავდა სიმღერებით დედის არაკებს,
რომ დამეძახა მერმისიდან ჩემი ქართულით:
_ გთხოვ, პოეზიავ,
შენი ენით მალაპარაკე.

დაპირებული იყო ღმერთი ჯენეთ-სამოთხეს,
დიოდა ჟამი და ანგრევდა
წელთა ბანაკებს,
რომ საფლავივით დამუნჯებულ 
მკერდს არ აღმოხდეს:
_ გთხოვ, პოეზიავ,
შენი ენით მალაპარაკე.

რადგან მიყვარდა,
დამიწყევლა სიტყვა მაჰმადმა,
სიტყვა ლოცვებად რომ აღეპყრათ 
ამ ჩემს მთა-ბარებს,
ხედავ? _ მოკლული ის სიმღერა
ისევ აყვავდა!
_ გთხოვ, პოეზიავ,
შენი ენით მალაპარაკე.

ისევ ბრდღვიალებს დღე ჭოროხზე,
როგორც განგაში,
ისეთი კარგი, როგორც მტკვარზე,
როგორც არაგვზე,
ჩავებღაუჭე ამ ატეხილ ქარებს ფაფარში:
_ გთხოვ, პოეზიავ,
შენი ენით მალაპარაკე.

წამიძეხ, დღეო _
ძმა ძმადა მყავს,
მშობელი მშობლად,
სახელი ტანჯვით წართმეული ისევ დამარქვეს:
ძმებო, მადლობა ამ სიყვარულს,
ამ ერთად ყოფნას,
რომ გადარჩენის პოეზიით მალაპარაკებს.

??????