* * * "გაზაფხულამდე ალბათ"
გაზაფხულამდე ალბათ დიდხანს მომიწევს მოცდა,
ცივმა ზამთარმა სევდა მომცა, ლხინი წამგვარა…
„აღარ მიყვარხარ!”-ღმერთო ჩემო ეს რა წამომცდა,
ხომ შეიძლება შენც იფიქრო ჩემზე ამგვარად.
გათენებამდე მთვარეა და მთელი ღამეა,
მღერის ქარი და პაემანზე ტყისაკენ მიჰქრის…
„ისევ მახსოვხარ!”-ღმერთო ჩემო, რა სიამეა,
ხომ შეიძლება შენც გაივლო ამგვარი ფიქრი.
ვერ შეველევი ოცნებებს და ვარდისფერ ფიქრებს.
თუმცა ტკივილმა უნუგეშოდ მტანჯა და მთენთა…
„მე გელოდები!”-ღმერთო ჩემო, ვინ იცის იქნებ
მელოდებოდე, - ავდგები და წამოვალ შენთან.