ღლონტი ვახტანგ
გაზიარება

* * * "მიდის, შენი დროც მიდის..." 

მიდის, შენი დროც მიდის...
მოდის, შენი დროც მოდის...
გზაა და ბეწვის ხიდი,
ბზაა და დაფნის ტოტი.

ო, რა სულელი იყავ,
სიკვდილს რომ ეძახოდი!

მალე, ძალიან მალე
ნახავ იერუსალემს,
ნახავ ხალხს, ვისაც შენი
სიცოცხლე დაუმალეს.

ზღვა არი ოკეანე-
რამდენიც გინდა თვალე!

მიდის, შენი დროც მიდის...
მოდის, შენი დროც მოდის...
აგიხდა ყველა „მინდა,”
მაგრამ აგიხდა როდის?!

ო, რა ლამაზი იყავ,
სიკვდილს რომ ეძახოდი!

მალე, ძალიან მალე
ნახავ იერუსალემს,
მღვდელმთავრებს, ჯარისკაცებს,
შენს მაღმერთებელ ქალებს,

ვინც შენ იწყალე გუშინ,
ვინც შენ გაგწირავს ხვალე!

მიდის, შენი დროც მიდის...
მოდის, შენი დროც მოდის...
იწყება შენი მითი,
მაგრამ ჯერ-ეშაფოტი.

ო, რა მართალი იყავ,
სიკვდილს რომ ეძახოდი!

მალე, ძალიან მალე
ნახავ იერუსალემს,
ნახავ ღმერთს, ვისთან ერთად
ბოლო სამსალას დალევ

და გაუშტერებ ზეცას
ამოღამებულ თვალებს!

??????