ქინქლაძე ზაზა
გაზიარება

ბებიას და ბაბუას სიყვარულის ბალადა 

მოიმღერდა ტეხური ურაიდა ვარადას,
ოჯალეში დეკემბრის მზეს ბოლო სხივს პარავდა.

ხვიჩა ბაბუ იმ ზამთარს ვენახს აღარ ბარავდა,
ალბათ გრძნობდა, რომ იყო მისთვის ბოლო კალანდა.

თუთა ბებო მაგრობდა ცრემლს თავშალში მალავდა,
ამოიღო სკივრიდან საქორწინო კაბა და

უთხრა ბაბუს - თოლიგე შენი ფასი სად არის,
ბიჭო ისე მიყვარდი - მზეჭაბუკის სადარი...

ბედნიერი ვიყავი მრევლში შენი მხილველი,
შენგან ნაამბორებ ხატს მე ვკოცნიდი პირველი.

მოიმღერდა ტეხური ურაიდა ვარადას,
ბებიას და ბაბუას სიყვარულის ბალადას.

წუთისოფლად ვინ არის მუდამ გაუჭირველი,
მოჰკვდომია ოდესღაც ბაბუს ცოლი პირველი.

თურმე ეკა რქმევია, ყმაწვილს განუსვენია,
მასზე სიტყვა ბაბუას არასდროს დასცდენია.

სამოცი წლის მანძილზე ეგოთ ერთი ჭილობი,
იყო თუთა ბებოსთან ბაბუ სიამტკბილობით.

მოიმღერდა ტეხური ურაიდა ვარადას,
ბებიას და ბაბუას სიყვარულის ბალადას.

ღამით აღსრულებულა ვეღარ უკალანდია,
ჯალაბმა და სოფელმა ბაბუ შეიცხადია.

თვალი ვკიდე ბებიას იდგა გაქვავებული,
სიტყვა დაუცდენელი თითქოს გაავებული.

დამიმარტოხელა და უცებ დასცდა ჩივილი,
არ ეკუთვნის შენს ბაბუს, შვილო, ჩემგან ტირილი.

ჩემს მკლავებში დალია სული, გულქვა როდი ვარ?! -
მაგრამ ბოლო სიტყვები ეს თქვა: ეკა მოვდივარ.

მოიმღერდა ტეხური ურაიდა ვარადას,
ბაბუას და ბებიად ვერ ქცეულის ბალადას.

??????