დარღვეული ლექსი
დაივიწყე, რომ ღვთის შვილი ხარ...
დაივიწყე ადამიანად დაბადება,
ზოგჯერ ისე უცოდველად მიღიმიხარ,
მრცხვენია და... თვითონ გიძებნი გამართლებას.
თურმე... რა აზრი აქვს- აკეთო სიკეთე,
ტურებს ლომისნიღბიანი ,,პარადი" აქვთ,
შენთვის სიცოცხლესაც მხოლოდ ის იმეტებს,
ვისაც სულს იქით არაფერი აბადია.
მიდი! შეუტიე ქართველო - ქართველს,
(ვინმე პასუხს მოგთხოვს თუ გგონია),
ახადე ნამუსი სამშობლოს სიწმინდეს,
ახლა შენს ღირსებას ამითი სწონიან.
დღეს ყველა შეკვეთილ პოპულარობას იხვეჭს,
ეკრანს მიეფარებიან და... ყირაზე გადადიან,
სამშობლოზე, ზნეობაზე თავს ცოტნესავით სდებენ,
შადიმანობის დროა და ღალატია!
ყაყაჩო მხოლოდ ველური ყვავილია,
უფლისციხესთან რომ უბრალოდ ყვავის,
ქარმა რომ ბუდიდან ბახალა გადმოაგდო...
მავანთათვის არის,ვაი რომ...ყვავი!
მეგობრობას უკვე ყავლი გაუვიდა,
ხელსაყრელ პარტნიორს ირჩევენ მტრიდან,
სიწმინდის ფასი არის შაური და...
შენ სული უბერე, რამდენიც გინდა.
ფიც-ვერცხლის ფასი ახლა გროშია,
ვაიმე, მგელიკავ, შავლეგოვ, მინდიავ...
,,ვანიების" ნაცვლად ,,სემები" მოდიან
და ისეთი პირი უჩანთ, რომ...აღარ მიდიან.