ქებურია ბელა
გაზიარება

უხმო და შორეული მონოლოგი მის უწმიდესობას 

არ ვიცი, რატომ... მაგრამ ყველაფერს აზის ტკივილის რუხი ბეჭედი,
გადაავიწყდა ზეცას ღიმილი და ცა უჭირავს ღრუბელს ბეჭებით.
უცებ სულიდან დაიქცა წვიმა და აერიათ გზები იმედებს,
გული ჩაჩუმდა და მოიწყინა, მზე ერთ სხივსაც რომ ვეღარ იმეტებს...
სამყარო თითქოს ამოტრიალდა, კომპასი უგზო-უკვლოდ ტრიალებს,
სიკეთე დაგვრჩა გაღმა ნაპირთან,( რა ეშველებათ ადამიანებს?!)
ჩვენი სიცოცხლე ისე გარუხდა, რომ ძალა ხდება თავი და ბოლო,
ვიცინით, ვტირით, ვლაღობთ თუ ვწუხვართ - მასკარადია მხოლოდდამხოლოდ!
...და რწმენის კოდი- ტოტი იისა, სულში სურნელად მიმოფრქვეული,
ხსნა - მხოლოდ თქვენი მაღალი მზერა, სახარება... და ლექსთა რვეული.
ასე მგონია, გაწყალდა სისხლი, ზნეკეთილი და ლამაზი ერის,
ბანის გუგუნით ზეცას სწვდებოდა და დღეს უმწეო კრინით რომ მღერის.
ძილშიც, ღვიძილშიც მტკივა სამშობლო, რადგან ბოროტი ძალუმარესობს,
რა გვეშველება, იქნებ გვიბრძანოთ- უ წ მ ი დ ე ს ო და უ ნ ე ტ ა რ ე ს ო !
განცდით დაღლილი გონება როცა (იშვიათწილად) მიმოიფხიზლებს,
თვალებში მრჩება ცრემლთა არილი და უსაშველოდ ცისფერი სივრცე.
მერე...ხმა..თბილი, სულშიჩამწვდომი, მიღმა ქვეყნიდან აქეთ მხმობელი,
ყველა დარდის და ყველა ტკივილის უსათუთესად განმაბრძნობელი.
სიკეთით სავსე ბგერა და მზერა ანგელოსივით სულში ალერსობს,
თქვენ ჩვენდა სასოდ! ჩვენ თქვენდა ლოცვად! - უწმიდესო და უნეტარესო!
მოდიხართ ჩვენთან, ცოდვილ შვილებთან,(შურს, გესლს და ბოღმას რომ ვერ ვიოკებთ),
გვბანთ ჭრილობებს და თრგუნავთ ქიმერას, მზის მალამოს სცხებთ სულის ღიობებს...
გვპატიობთ ყველა ვნებას და წყენას, გრიგალებს - სულში რომ დათარეშობს,
დიდება მაღლა!... დაბლა-კი თქვენა! უწმიდესო და უნეტარესო!

??????