ქათამაძე ჯემალ
გაზიარება

პოეზია 

კაცს, რომელიც ლექსებს არ კითხულობს

შენ ფულით ზომავ ლექსს, თვალმარგალიტს,
ლექსს, სიხარულს და ტკივილს,
ნაზი ბულბული ვარდს რომ დახარის,
მოლზე ნამი რომ ტირის.

შენ ვერ გაიგებ ფოთლების შრიალს,
ბიბინს ვაზის და კორდის,
ვერც გაზაფხულზე ჩიტების რიას,
ვერც ზღვის ხვაშიადს − ლოთის.

ვერც წინაპართა სიყვარულს, სევდას,
ვერც არაგველთა ბღავილს.
შენ ვერ გაუგებ გულისთქმას დედას,
გემოს წინანდლის ყვავილს.


ან მტკვარი რატომ აწყდება კედელებს,
რად ვერ ეტევა ტანში.
ხალხის სამსახურს ვერასდროს შეძლებ,
ძლევის დროშას ვერ გაშლი.

ვერ შეიყვარებ მამულის ქედებს,
დიდი თვალით და ფიცით,
და ვერ ააფრენ ოცნებით მტრედებს,
ვერ იგრძნობ სურნელს მიწის.

შენ ვერ გაიგებ ბაბუას ზღაპარს,
ურმულს კოცონის მომდებს,
შენ ვერ აანთებ გმირობის ლამპარს
და ვერ გამოწრთვნი ორბებს.

ვერ მოაშენებ სემირამიდას ბაღს,
ვერ დაეწევი ქარებს.
შერ, როგორც კაცი, კვალს ვერ გაიტან,
მზეს ვერ გაუღებ კარებს.

ჭიქა ღვინოში შოთას წიგნს გაცვლი,
აკაკის შედევრს − გროშში.
განწირული ხარ ასეთი კაცი
და ფუყი ყოველ დროში.

სხვას რას დააკლებ, გალაკტიონის
თუ არ ჩახედავ წიგნებს,
ეს შენ გჭირდება, ცხოვრებას საღი
თვალით შეხედო იქნებ.

ამ მთას და ბაღნარს, როგორ პატრონობ,
ვაზს საოცრებას მიწის?!
რა დააკლდება შოთას, ბატონო,
თუ არ გადაშლი მის წიგნს.

??????