აბსურდული სონეტი
დრო დაყიალობს უბოდიშოდ ქუჩებში ფლიდი,
ფელეტონებით, ირონიით, მწარე პამფლეტით,
რა გაეწყობა, დახლში დგას და წვრილმანებს ჰყიდის
მავრიტანიის მფლობელი და პრინცი ჰამლეტი...
ბაზრის ლირიკას ჩაუწიხლავს სუნთქვა ეპოსის,
დღე და საათი იზომება მოგებ-წაგებით,
მწვანილით ვაჭრობს მოწყენილი ოიდიპოსი,
ცერად უცქერენ წითელქუდა ამხანაგები...
მიახრიგინებს ძველ ურიკას მტვირთავი აბო,
შეშლილი ლირი შორიახლო ბუქნაობს მორცხვად,
მისას არ იშლის , მეყასბეა ახლა იაგო,
და დეზდემონას, ნაგვის გამტანს, უგზავნის კოცნას...
არგონავტები ზღვის ნაპირთან ხუმრობენ ბილწად,
კვლავ კონტრაბანდით მოსდგომიან კოლხეთის მიწას.