საბას
მამ, დღეს თერთმეტი რიცხვი არის აგვისტოს და ე.
ი. ერთი წელი შეგისრულდა... ხოლო მე ვცდილობ,
რომ შენთან ერთად ბედნიერი გამოვჩნდე შვილო
და ჩემი თავი მანაღვლებდეს ნაკლებად დაე.
ყოველთვის სევდის უხილავი სამოსი მეცვას,
ვიყო უძილო ღამეების მსხვერპლი და მონა,
მზეს როცა უცქერ მგონია რომ იხსნება ზეცა
და შენს თვალებში სულ ოდნავი უფალი ჟონავს.
მამ, გავა ეს დრო, ეს წამები, წვიმები, წლები,
ეს ღამეებიც ტიტრებივით გაივლის, გავა,
ხოლო შენ ახლა ჩემს მკლავებში დაღლილი წვები
და მე კი ასე შენს საწოლთან ძილივით ვდგავარ.