კეკელიძე გიორგი
გაზიარება

მესამე მარტო ოდა 

სიკვდილი ანაზდად, გნებავთ ანდაზად

დილით გავედი..ასე, სადღაც დღისით და მზისით 
თვალი მოუკრავთ – ჩავუარე მეზობელ ბულვარს,
ხანდახან ენას ვუკიდებდი - უცნობებს ისიც,
დილით გავედი და ჯერაც არ დავბრუნებულვარ.
მეცვა მოშავო შარვლის ფერი თხელი პერანგი,
ასაკი – სადღაც ოცდაოთხი, უძმა-დობილო,
შეკივლებამდე პაპაჩემი ნალებს ფერავდა,
თუ სადმე მნახოთ, გთხოვთ, რომ მასვე შეატყობინოთ.
შენ კი უჩუმრად გადმოგაწვდენ ნაჩვევ ბარათებს,
გეტყვი ვისწავლე უსწავლელი ჯადოს კეთება -
სადილად მყრალი არჯაკელის მიდგას სალათი
და მოტკბო ძმარში ფესვებივით მიდგას ფეხები.
მე იქ მივედი, სადაც მიწის ჩრდილის კიდეა,
სადაც მინდორი აღარ არის უკვე ტრიალი
და ახლა ყველა სახრჩობელა ყელზე მკიდია
და გასაღების ასხმასავით მივაჩხრიალებ.
რომელი მათგან მოერგება ზეცის კლიტეებს,
როცა კლიტეთაც მოეკიდათ ჟანგი ჭაღარად,
თუ ჯოჯოხეთშიც ვერ მიხილო, გთხოვ მომიტევე,
ჩემმა ლოცვებმა, მე კი არა, ღმერთი დაღალეს.
შენ – მოუფრთხილდი ცრემლებისთვის უმწიფარ ღაწვებს,
ნუღარ აირბენ გზის სამზერად სოფლის ანძაზე
და თუ საბანი სურვილების ლოგინს ვერ გაწვდეს
(და გითხრან - ისე დაიხურე, სადამდეც გაგწვდეს)
წვრილად დაჭერი, დაუყარე მშიერ ანდაზებს.
ნუ შეშინდები, მარტოობას მალე მოილევ,
ძახილს არ შევწყვეტ, თუ ითმინა მანძილმა შორმა.
აქ ყველაფერი ადვილია და ისე თბილი,
რომ პურის ორმოდ გადაიქცა ამ ღამის ორმო,
ჰა, ვარსკვლავების ნამცეცები და მთვარის ყუა,
მეც ისევ აქ ვარ, განა ციდან გაგებებ ციაგს,
ჰო, მოვიტყუე, შენ ხომ იცი პოეტის ტყუილს
მოკლე ფეხები და ძალიან დიდი ფრთები აქვს.

??????