კარმელი შალვა
გაზიარება

ჯეირნები პეიზაჟებში 

ჩვენ გაგვაშორებს მალე ვერსები,

სხვა ქვეყნებისკენ გაგაფრენს გემი.

შენს გადაფრენას ვეალერსები

და მწუხარეა ალერსი ჩემი.

 

ამაოდ გვსურდა პეიზაჟებში

ერთად ნავარდი, როგორც ჯეირნებს...

განვმარტოვდები მე აქ ვაჟებში,

შენც მთვარე მარტოდ გაგასეირნებს!

 

მე დანანებით ახლა ვრწმუნდები,

თუ მქონდა ბედი, - შენთან მელოდა!..

ასე მგონია, არ დაბრუნდები,

როცა წამიხვალ საქართველოდან.

 

, ვინ გაუძლებს ქარში ნეშოებს,

შენს მოლანდებას შიშველ ბეჭებით!..

ამ ცას, ამ ბაღებს, ამ გომბეშოებს,

რომ ატარებენ ზურგს მეჭეჭებით!

 

გავყიდი სახლ-კარს ურჩი ტრფიალით

ან ავაცეცხლებ ხავსიან ყავრებს...

და უპატრონოდ მოხეტიალე,

შენთან, ძვირფასო, გავყვები მგზავრებს!

 

1919 .

??????