სონეტი ნინოს
ჩვენთან მოსვლისას მეტყველებდი ვაზის ჯვრის მცველი,
მაყვლის ფოთლები შენ გიწევდნენ სახლის ყავრობას;
საკვირველია, - სარკინეთზე არმაზი მწველი -
დასძლია მეფე მირიანის შენ წარმართობა.
ქრისტიანობით აგვირგვინებ მისნურ მგზავრობას,
გაცსა და გაიმს დაუკარგე დიდება ძველი.
შენ ჩააქსოვე ჩვენს წარმართულ სულის სტავრობას
ნაზი ლეგენდა, წინაპართა ცრემლებით სველი.
ნანა დედოფალს განუკურნე მთვარის სენები,
ალბათ, გწყალობდა მზე ბეთლემის, პორფირიანი,
სვეტიცხოველში ლოცულობდა თვით მირიანი.
თოთხმეტ იანვარს შენი დღეა მოსახსენები.
ბოდბის მონასტერს გაუშლიხარ ცისფერ იაში,
ასე ახსოვხართ შენ საყვარელ ივერიაში!
1919 წ.