ქეთინო
დედიკომ და მამიკომ
დამიტოვეს ქეთინო,
ასე მითხრეს:- მიხედე,
არაფერი ეტკინოს;
არაფერი გატეხოს,
არ დაკუწოს კაბები,
არ მოხატოს კედლები,
არ აბურდოს ძაფები;
დაუმალე ნემსები,
დაუმალე ღილები,
მაკრატელიც დამალე,
არ დაიჭრას ფრჩხილები;
არ გააღოს კარადა,
არ დახიოს წიგნები,
ფანჯარა თუ გატეხა,
დამნაშავე იქნები;
არ მიუშვა ღუმელთან,
არ დაგვღუპო, მანანა!
არ დახაზოს პარკეტი,
დაუმალე მანქანა;
არ ჩაუშვა ეზოში,
სურდო არვინ დამართოს,
დაუმალე ფანქრები,
ხელში დანა არ ანდო;
როცა გავალთ, კარები
გადაკეტე რაზებით,
განჯინაში ჩაკეტე
ჭიქები და ვაზები.
მეტი რა დაგიბაროთ,
თვით მიხვდები დანარჩენს...
ჰო,ასანთი არ ანდო,
თორემ ხანძარს გააჩენს.
ჰოდა, ასე თუ გინდათ,
დედიკო და მამიკო:
არაფერი შეემთხვეს
ჩემს პატარა დაიკოს;
თუ გინდათ,რომ ქეთინოს
არაფერი ეტკინოს,
მე გამიშვით კინოში,
თქვენ მიხედეთ ქეთინოს.