სახლობანა
ნეტავ სად ხარ, შენს ძებნაში
მოვირბინე ეზო,
წამო ჩემთან, სახლობანა
ვითამაშოთ, რეზო!
რა კარგია, ჩხუბს და ცემას
ვეღარ გამიბედავ,
შენ იქნები ჩემი შვილი,
მე ვიქნები დედა.
მე ბაზარში გავიქცევი,
ხელს ნუ ახლებ ამას. . .
არაფერი დააშავო. . .
დაუჯერე მამას.
მაინც ჩხუბობ? მაინც მირტყამ?
ასე იცი მუდამ.
არ გრცხვენია, უსირცხვილო,
დედას ცემა უნდა?!