კეკელიძე გიორგი
გაზიარება

ემბიენტი 

პოემა ბრაიან ინოს

მანტრა შესაქმისთვის და აპოკალიფსისთვის

ფირფიტის სამი გვერდი

ნუ გეშინია
ნეტარი ავგუსტინე
ამაოა
ეკლესიასტე


A

გაიმეორე – ნატვრის ხიდან ცელოფნის პარკებს
და ცხვირსახოცებს ან ჯიბეში რაც გვქონდა ნაჭრის,
თოკზე გამშრალი სარეცხივით ჩამოხსნი, დახევ
და ხეს ასანთის სათამაშო ღერებად დაჭრი.
გაიმეორე, რომ არ შევრჩით ნაყოფს მოულევს
და გამოვყევით წყალს თვითმკვლელი წვიმებით ნაბანს,
ნავში ვიწექით, ცხრა ტანს იქით გვიცემდა გული
და გული სისხლის წამდაუწუმ იხდიდა საბანს.
გაიმეორე, რომ ვარსკვლავებს შენ თვითონ თესავ,
რომ ღამის ხნულით მოისვარე წუხელ ფეხები,
როცა ვბნელდები, რომ მალულად მიდიხარ მზესთან
და მზის ლოგინზე მივიწყებულ ჩრდილებს ეხები.
გაიმეორე, რომ ორივემ დავკარგეთ ფერი,
სახლთან ვიწექით და თეთრ ღვინოს ვთხოვდით მნახველებს
და ლექსებს ვწერდით და შობისას რაც კი ჩაგვბერეს
ექიმის ხელზე ყველა სული ამოვახველეთ.
გაიმეორე – ჩვენმა ქუჩამ მოლია წვიმა
და მზემ დაკრიფა მეზობლების მწიფე ქოლგები
და სადაც წვიმდა, ისევ ის ცა რომ მოგვესმინა
სამოთხის ტყიდან დავიღალეთ გზის გამოგნებით.
გაიმეორე, რომ დღის ნაცვლად კვლავ ღამე დადგა,
რადგან უჩუმრად ამოხიე თეთრი ფურცელი
და როცა წავალთ, ცეცხლის უპოვნი ამ ფურცელს სადღაც,
ქვეყნად უფალიც რომ არ დარჩეს გარდაუცვლელი.
და მკერდზე მზერადავაცხნილი თვალი მომადე,
ჩაკიდე თვალი და სიზმრების ათასპირ ქარში
გაიმეორე, რომ ხვალ დილით შენ შობ ხომალდებს,
რომ დედამიწას მოწყურდა და ყველა ზღვა დაშრა.

B

- შვილო, ზურაბ, სადამდე?
- ვაიმე, დედა, კოჭამდე!
ზურგზე იალქნად მოდებული ფრთები მქაჩავდა
და ქარებისგან მოუმკელი ზღვები მოჩანდა.
- შვილო, ზურაბ, სადამდე?
- ვაიმე, დედა, მუხლამდე!
ყველა მზე ერთად ამოვიდა, ერთად გამთანგეს,
ხელი რომ მქონდეს, ათას ღრუბელს დავიხურავდი.
- შვილო, ზურაბ, სადამდე?
- ვაიმე, დედა, წელამდე!
დედა მეძინა, ძილის მინდვრის სუნთქვით დავბრმავდი,
ვეღარ გხედავდი და შიშისგან სიზმრებს ვცელავდი.
- შვილო, ზურაბ, სადამდე?
- ვაიმე, დედა, ყელამდე!
მთებმა თვალებზე მოურჩენი ნისლი გადამდეს,
სახადს ვერ ვიხდი - სამუდამოდ დაგიელამდი,
მზერა ბეწვივით ჩამიბრუნდა, დღისთვის გავთავდი
და თვალთან ცრემლის მიტანამდეც არ ჩანს სინათლე.
- შვილო, ზურაბ, სადამდე?
- ვაიმე, დედა, ჩრდილამდე!
დედამ ცეროდენა იპოვა ზურაბი
და დატიროდა – ასე ზრდიდა – დარდით დაღალა –
ზურაბი იზრდებოდა –
მუხლს აცდა, წელს აცდა,
ყელს აცდა, ჩრდილს აცდა,
ზურაბი გახდა დედაზე მაღალი.

c

და შენ მოგიძღვნი, დედაჩემო, ამ ავ სტრიქონებს,
რახან დილაა და ადრიან მოხვედი სოფლით
და დაბადების ტირილივით გამოგიგონე -
ჩირგვში ვზივარ და ორივენი სიცილად მყოფნით
შენც ხომ ქალი ხარ და ქალები სხვა ხეზე ბუდობთ,
ზამთრის ბალახით ქსოვთ და არღვევთ ქმრებისთვის წინდებს
და სიყვარულით მეათე თვის ორსულ ქუთუთოს,
ნაყოფებს უშლით და ჭუჭყიან ცრემლებად იწმენდთ.
და გიბერდებათ სახეებზე თანდათან ჭორფლი,
ადრე დგებით და რომ მძინარე ღვთისთვის ილოცოთ,
კიდეაკეცილ ცის ტილოზე ქარის თხელ პროფილს
მოლბერტის მიღმა დააბარებთ მრუდე სიმორცხვეს.
……და დედაჩემო, ერთხელ მაინც დამედობილე,
და მომისმინე –ძმრიან ნაჭრებს ნუ აღრჩობ სიცხით
- ის სასაფლაო ერთი თბილი გარდერობია,
სადაც ცოტა ხნით ამ ჩვენს მტვრიან სხეულებს ვიხდით
რომ სასაფლაო მთვრალი ღმერთის გარდერობია
და წამოსვლისას სხვის სხეულებს გვიბრუნებს მთვრალი
მე მესმის ღმერთის – საიოლე საქმე როდია,
სხვენში იჯდე და სარდაფებში ჭიები თვალო.
და ალბათ ასე უცხოები დიდხანს დავრჩებით,
ჩირგვში ვიჯდები და სიცილი მექნება შენთვის,
სანამ ცაში არ დაიცლება ღვინის კასრები
და ძველ ტანსაცმელს არ გვიპოვის ფხიზელი ღმერთი.
მაგრამ, ვინ იცის, ეგებ ადრეც გვძულდა ციმციმი,
გვძულდა ღრუბლები და ღრუბლებში თამაშით დაღლა
და დღეს გვერჩივნოს, რომ მოჭრილი ფრთების სიმძიმემ
აღარასოდეს აგვახედოს ღმერთისკენ მაღლა
ან ეგებ ქარმა სულ სხვა სახლის შემიღო კარი,
როცა ყანიდან შინ დავბრუნდი გოდორი ოფლით
და ღმერთი ღრუბელშემოგებულ ცაში კი არა
ეგებ ჩირგვში ზის და ყველანი სიცილად ვყოფნით.
და თუ არაფერს იმეორებ, ვეღარ მცნობ რადგან,
მე იქით წავალ, სადაც წყალი იქნება მდორე,
შენ კი მითხოვდი მას, ვინც ღამით პირველი ადგა
და თბილ ბაგაში ხელმეორედ გამიმეორე.

??????