დოლიძე თამთა
გაზიარება

სიზმრის ლექსი 

როცა არ მცივა, იშლებიან მხრები - კვირტები, 
(ჩვენი სათუო შეხვედრები), 
თვალები საზღვრებს გადმოდიან, ცისფრად ჟონავენ 
ჰაერში, სადაც შენ იშლები. ჩაკეტილი კარია სიტყვა, 
დღეს უნდა გითხრა, 
რატომ დავიწყე შუბლზე სიცივის და ნაოჭების 
არშემჩნევა. რატომ თავიდან 
არ დავაბრუნე კადრი, რომელშიც 
ჯერ კიდევ არ ხარ, 
ჯერ კიდევ მცივა და საკუთარ მხრებში ვიხრჩობი. 

ახლა კი, ახლა გადახსნილი სულიდან ვაბნევ 
სითბოს - უღონო ფეტვის მარცვალს. 
სული სულია, მაგნიტია და ყველა სიტყვას 
იწოვს, აგროვებს, ნერვის ძაფზე თხილივით აცვამს. 
ტკბილია სული, 
ნუგბარივით, არასდროს გვყოფნის. 

სასჯელი რაა, როცა ფიქრობ, რომ შეგიძლია 
ხმის თუ ფიქრების ჩახლეჩამდე გენატრებოდეს 
და არ შეგეძლოს, არ გესმოდეს, 
რომ არც ერთ მიზანს 
არ შეუძლია თავის მართლება, 
გაღვიძებამდე გაღვიძების როცა გაქვს ნიჭი 
და თვალებიდან გამოქცევის როცა გაქვს ნიჭი 
და კედლებიდან გადმოქცევის ნიჭი რომ არ გაქვს. 

ასეთი არის განაჩენი, როცა იცვლიან 
გზებს, ჭუჭყიანი საცვლებივით, 
შენ უნდა რეცხო 
და გამდინარე წყალში ავლო, 
არ შეარჩინო ფეტვს ხორბალი 
და ცოდვას ლოცვა. 

მეტი რა გითხრა ?! 
სიზმრების მთიდან ჩამორეკილი, 
მერამდენედ დათვლილი ცხვარი 
ტყეში გამექცა, (მერამდენედ), 
და ტყემ შეჭამა, 
ცხვარიც და ყველა ჩაძინების, გაქცევის წამი, 
და ჩვენს მოპარულ სიჩუმეში მურა დათვი გამოიზამთრებს. 

ახლა ვდგავარ და თვალს და ხელს შუა გეზრდები, გითეთრდები, 
გიმარტივდები, ვმანძილდები და ვსივრციანობ, 
აღარ გეტევი ხელის გულში, გულის გულში, 
სამყაროს გულში... 
და სულ ერთია, 
სად და რამდენ ხანს გავჩუმდებით, 
ან ჩვენს მოპარულ სიჩუმეში 
რამდენი შიში გამოიზამთრებს, 
მთავარია, რომ შიგნით ითქვა, 
შიგნით ჩაიქცა.

??????