დოლიძე თამთა
გაზიარება

ჯიბე 

სიჩუმე, როგორც ყოველ დილით ფინჯანი ყავა. 
შენ შეგიძლია აითვისო ტვისტი და ტანგოს 
დამარღვეველი მდუმარება შეცვალო მტვრევით, 
ტერფების სწრაფი აალებით და არამარტო... 

კითხვა-კითხვით და კედელ-კედელ, თითქმის გულამდე 
ჩამყვე და მერე - გაჩერება.(ლოდინს ვაპირებ). 
გქონდეს თვისება დანებების, ჩვევა - ზრუნავდე 
და ერგებოდე ჩემი ტანის ყველა ლაბირინთს. 

ეს იმას ნიშნავს, რომ შემეძლოს შენს მხარზე წოლა, 
მაგრამ არასდროს ვაღიარო მეტალის სითბო, 
მიტოვებული ცალი მხარე შევუვსო საწოლს 
და მივაკიდო მოდუნებულ კიდურებს რიტმი. 

ასე რომ, ომი ვალდებული სულაც არაა 
იყოს საშიში და სიძულვილს სისხლში ალბობდეს, 
ის შეიძლება იყოს მყუდრო, (დიდი ძალაა), 
როგორც ჯიბეში ერთი ხელი ზამთრის გათბობა. 

სიჩუმე,თითქოს ასპარეზი და ყველა ფაზა 
მარტო ყოფნისა გავიარე. (რაღა მაჩერებს ?!) 
შენ შეგიძლია გადამასხა სხეულზე კაბა, 
მაგრამ ამ ლაქამ, ჩემი ყოფნა ვერ დაგაჯეროს.

??????