დეკანოზიშვილი ნუციკო
გაზიარება

ერთ მშვენიერ დილას 

... და ერთ მშვენიერ, თუ ნაკლებად მშვენიერ დილას,
ხვდები, სამყაროს ვეღარ იცმევ, ან ვეღარ იხდი,
ვეღარც ყიდულობ, ვეღარც ჰყიდი, და ძველი ფილა
შოკოლადივით დაეკარგა სიცოცხლეს ნიხრი.

იხდი ტკივილებს, იხდი სევდას და იხდი ბოღმას,
რომ უეჭველი გამარჯვება აჩუქე, რადგან
გულის სიღრმეში გიტიროდა მორალი, დოგმა,
და გაცვეთილი მეთოდებით გვირგვინის დადგმა

შენი არ იყო... თუმცა, რჩები სრულიად მარტო
გამოგონილი მეგობრების და კოლეგების
რკალში, რომელიც მოგაგონებს რაღაცით ატომს,
აპობ ბირთვებს და, აფეთქებებს უხმოდ ნებდები

სულის გასვლამდე... სულის გასვლა, როგორც ცვალება,
გარდა-ცვალება, მი-ცვალება, ანდა ფერების
აღარ დანახვა, როცა ზევით რეკენ ზარები...
და ქანცგაცლილი შემოდგომას შეეფარები,

რადგან ზაფხული ახლა ისე უხერხულია,
რადგან სამყარო ახლა ისე სასტიკად ტყუის!
და რაც შემოგრჩა ომებიდან,-მხოლოდ სულია,-
ფრთებშეტუსული, კბილებსშორის გაჩრილი სული.

??????