დეკანოზიშვილი ნუციკო
გაზიარება

აპრიორი 

მგზავრი ვიყავი. მივდიოდი. ტყეს ახსოვდა ჩემი ტერფები.
კვალი თოვლიდან მოდიოდა და არსაით იკარგებოდა.
ვიკარგებოდი ანტრაქტებში. ხეებს შორის ჩემთვის ვდგებოდი.
ფეხზე დგებოდნენ მწვერვალები. მკლავს მიწვდიდნენ შემკრთალ მეგობარს.
მთები ზარმაცად ამთქნარებდნენ. მწვერვალები ფეხზე დგებოდნენ.

მგზავრი ვიყავი. დამემგზავრე.აელვარდნენ ხმელი ფოთლები.
ცას უყურებდა სახურავი ჩვენი სახლის. ანდა არ გვქონდა.
სიმამაცისთვის ვსვამდით. ასე ვსჯიდით ჩვენს ბედს-მთვრალი გუთები.
უფრო შესუნთქვა გამიჭირდა. გამომიშრა ტუჩი. და ქორდა
დამატებითი, უსარგებლო და უმიზნო-გულით დამქონდა.

და მივდიოდი. დამემგზავრე. მწყუროდა და მანიშნე წყალი
შენს ბნელ ბინაში.ჟინმოკლული მივადექი რაღაც სარეცელს.
მგზავრი ვიყავი. დავიღალე. მომასვენე დაღლილი მგზავრი.
პროკრუსტეს ლოგინს მიმაჯაჭვე. დამამოკლე დანის გარეშე.
გრძელი მოვედი. მივდიოდი. მამოკლებდი. ვიდრე დავეშვი.

ვიდრე გავჩერდი. მივდიოდი. და არსაით არ მქონდა გეზი.
მგზავრი ვიყავი-მოციმციმე. შენი ქოხის უცხო სტუმარი.
რიტმები კედლებს შევატოვე.იღიღინებ შენ ჩემთვის ჩემზე,
ოდესმე, როცა არ მექნება თბილ სიტყვებზე "ჰო" და უარი.
უნდა გაგეშვი-აპრიორი. და მივდივარ-წასვლა თუ არის.

ვივლი მზესავით გამხელილი შენს თვალებთან, ზურგთან, ხელებთან.
დღეებზე-კალის მებრძოლებზე-მონადირე, სუნთქვის სიხარბით.
ხილვებით. კვალით თოვლიდან და გზით- არსაით, როგორც გენებოს
ისე დაარქვი ჩემს მოსვლას და სიკვდილამდე მშვიდად იყავი.
ნიშნისმოგებით ჩაუკარი თვალი შენს თავს.და გაიხსენე-
როგორ მიყვარდი.

??????