ბოცო
ამ ძველ ნაძვებთან როცა ჩავივლით,
მძღოლებს ვთხოვ ხოლმე,
ნელა იარონ.
სადღაც,
ხის ძირში შენ მარხიხარ.
ბოცო,
რა ვისი ბრალი იყო,
მე რომ მინდოდა,
საკუთარი ძაღლი მყოლოდა,
რომ სულ პატარა ლეკვი იყავი,
იქ, ბაზრობაზე
კოჭლმა თათარმა
შენი თავი
კავკასიურ ნაგაზად რომ შემომასაღა,
არადა, მართლა როგორ ჰგავდი!
საწოვარათი როგორ გაჭმევდი,
ისიც ხომ გახსოვს,
ღამე როგორ გიხუტებდი,
გაიზარდე და
სიმაღლის ნაცვლად
ვაგონივით სულ სიგრძეში როგორ წახვედი
და დამცინოდნენ ახლობლები,
რომ ასეთი გამომადექი,
როცა მოვლილი,
ძვირზე ძვირი საყელურით
სხვა ჯიშიანი ძაღლებივით
გამომყავდი სკვერში სარბენად.
ბოცო, არ უნდა დაგეკბინა პატარა ბავშვი!
რაღა გზა მქონდა,
ჯერ ერთი თვე გაკვირდებოდნენ
და ყველაფერი როცა ჩაცხრა
და სამშვიდობოს ვიგულეთ თავი,
მაშინ გადაწყდა,
რომ შენი სახლში გაჩერება
უკვე აღარ შეიძლებოდა
და ჩვენც რა გვექნა,
აქვე, სოფელში აგიყვანეთ,
გაგაძიძავეთ.
მიწაზე დაგსვი და გითხარი:
- მისმინე, ბოცო,
ახლა მე უნდა წავიდე და შენ აქ დარჩები.
კარგი ბიჭი ხარ,
პატრონებს უნდა დაუჯერო,
მეც მალ-მალე გნახავ ხოლმე,
გასაგებია?
როგორ მორჩილად მომისმინე,
რა ღირსეულად!
უკან იმდენჯერ მოვიხედე!
მეგონა, ყეფით გამომყვებოდი,
ისე, როგორც წიგნებში ან ფილმებშია.
ვიდრე თვალს არ მიეფარე,
არ განძრეულხარ!
მერე რამხელა გაიზარდე!
გლეხი ამბობდა,
რომ კარგა ავი ძაღლი დადექი,
ეზო-კარის ნაღდი პატრონი,
რომ შენი შიშით უბანში უცხო ვერ ჭაჭანებდა.
როცა შემეძლო,
სანახავად ხომ მოვდიოდი,
ხომ ამომქონდა შოკოლადი, შენ რომ გიყვარდა,
ხომ მახტებოდი ძველებურად ისევ კალთაზე,
ხომ დამდორბლავდი,
ვითომ ,,მე ისევ შენი პატარა ბოცო ვარო",
ხომ მატირებდი.
ბოცო, ცხოვრება ისეთია,
ძაღლს კი არა, თავს დაგავიწყებს.
როცა დავბრუნდი,
პატრონმა ხვნეშით:
- უცებ მანქანამ გაიტანა,
საღამო იყო,
აბა, რა გვექნა,
წესი ეგრეა,
მკვდარი ძაღლი
მზის ჩასვლამდე მიწას უნდა მიაბაროო,
ჰოდა, ავიღეთ,
მაინც თქვენ ახლო,
ტრასის პირას დავმარხეთო.
ეზოში უკვე სხვა ყეფდა და
შენი წილი შოკოლადიც იმას ერგუნა.
ბოცო, ჩვენ გვიყვარს,
როცა გვისმენენ და პასუხის კი არ გვაღირსებენ.
თავს ვიკატუნებთ, ვითომ განვიცდით,
მაგრამ ეს დიდი იმედია,
დიდი შვებაა:
მხოლოდ თქვა,
გული დაიცალო,
მერე შენი გზა გააგრძელო, ახალ დარდამდე.
აი ეს კითხვაც,
ვიტყვი,
დავაგდებ ამ ნაძვებთან და გავივლი,
ჩემს გზას ვეწევი:
- ადამიანი როდის არის ადამიანი -
როდესაც ახსოვს თუ როდესაც გადაივიწყებს,
ვინ სად ცოცხლობს და
ვინ სად მარხია.