დანელია ბათუ
გაზიარება

ლექსები 

ლექსებს არ ვაცმევ ძალიან ფასეულ რამეს.
ლექსებს ქარების მოტანილ ნეშოთი ვმოსავ.
არ გამიჭრია მაგათთვის ზურმუხტის გზა მე,
ისინი ჩემთან წყალწყალა ღვინოსაც სვამენ,
უცქერენ მულტფილმს, უსმენენ მოქვევრე ბრბოსაც.
ხვატში უჩნდებათ სურვილი რუების შერთვის.
წვიმაში ხურავთ, ქოლგებად, ფოთლები გლერტის.
ჭირის დღესავით არ უყვართ მდიდართა პოზა.
ლექსების წერა აჭარბებს ყოველგვარ ვერდიქტს.

და მე გულიდან ლექსები გამომაქვს, როგრც 
ილუზიონისტს პირიდან ლურსმნების აცმა...
მე ჩემ ლექსებში, მშიერი, ვპოულობ ქოქოსს
ძალიან ხშირად ვპოულობ გათქვირულ გოგოს –
ცხოვრებას რატომ ვაგინო ასეთმა კაცმა?!
თუ ზოგი ლექსი არაფერს მარგია, კიკოს, 
ზოგს შეუძლია, გამტყვრალი, სახლამდე მწიკოს.
თუ მგზავრობისას გამიწყდა ფეხსაცმლის თასმა,
თასმად ვიყენებ ყველაზე განიერ სტრიქონს.

მე ჩემ ლექსებში ხანდახან ვპოულობ ვარდებს
და მივალ ცოლის საფლავზე, ქცეულ მდიდრად...
მე ჩემ ლექსებში მინახავს არწივის მართვეც...
მე ჩემი ზოგი ლექსისა ფულებიც მმართებს –
ეს თუ დავმალე, სიმართლე როგორღა გითხრათ?!
ჩემი სტროფიდან გიტარა წაიღებს ექვს სიმს...
ერთი რომ მრჩება, დაბმული ძაღლივით ყეფს ის...
პოეტებს, როგორც მღვდელმთავარს ახურავს მიტრა,
იმგვარად უნდა შეეძლოთ დახურვა ლექსის...

??????