თიბათვე
სათიბები – მირონივით ნამში ნაბანია...
და მთიბველი ზურმუხტ ციალს აწვენს რახანია –
უკვე ნახა კოცნა თითო მზის და ცვრიან ცელის.
უკვე ესმის გაღვიძებულ სოფლის ღრიანცელი.
უკვე მისგან მწვანე ტალღა მრავლად გათიბულა.
უკვე მას და ბალახს შორის ცელი გადებულა,
როგორც ხიდი სინანულის... – აბა, გალაღებით
როგორ უნდა გაიმეტო ნედლი ბალახები!.. –
ბალახებსაც აქვთ თვალები ცრემლის ბადიებად...
ბალახებსაც უნდა სთხოვო კაცმა პატიება.
თიბავს, თიბავს მთიბველი და: დროა დიდი ბლეფი! –
ერთ დროს ყველა უხილავს ხელით ვითიბებით...
თიბავს, თიბავს მთიბველი და სევდა ეუფლება:
ბალახსებსაც, იქნებ, უნდათ ტრფობით შეუღლება!
თიბავს, თიბავს მთიბველი და უკან, აღმოსავლეთს
ხენი ცვარში ამოვლებულ თავებს ახოცავენ...
თიბავს, თიბავს მთიბველი და ცვარში დასველებას
გრძნობს ფიქრისგან გადაქანცულ სულის დასვენებად.
მიწის წვერში ისევ მისი ცელის სივილია –
დალაქობს და ირგვლივ არი მთელი `სევილია~...
ნაგზაურზე ქალი მოდის დოქით, კალანჩხითა... –
გასათიბი რომ არ იყოს – მინდორს გადაჭრიდა...
აიხედა მთიბველმა და ცოლი დაინახა –
მოდის ქალი, მოშრიალებს შვების ბაირაღად...
და მთიბველი მზერის ჭინკებს ალხენს ბაცაცობით,
ცელს დაასობს, აქ სხვა მეტი რა აქვს დასასობი!
ცოლი ზღვისებრ მოირწევა და უშფოთველია...
საიდანღაც ისმის ტკბილი `დელი-ოდელია.